კერძო სექტორი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
თარიღი:
რა როლის შესრულება შეუძლია დამსაქმებელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორია საქართველოში კერძო სექტორის შესაბამისი პრაქტიკა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 10 ნოემბერს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ამ თემაზე სასაუბროდ და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნენ ტექნიკას, თუ როგორ ამოიცნონ თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვს, როგორ დაეხმარონ და რა ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინონ მას. ღონისძიების მეორე ნაწილი კი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომლის მიმდინარეობისასაც „მთავარი არხის“, „აჭარა ჯგუფისა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ წარმომადგენლებმა დამსწრეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული ინიციატივები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები საქართველოში საინტერესო მაგალითებს ქმნიან. „აჭარა ჯგუფი“ წარმატებით ასაქმებს ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს და ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციას, „ემბისი“ კი ორგანიზაციის შიგნით ცნობიერების ამაღლების ტრენინგებთან ერთად, საჭირო პროდუქციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან ყიდულობს, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიურ დახმარებას უწევს და ამგვარად აძლიერებს მათ. რაც შეეხება „მთავარ არხს“, ის საზოგადოებას სისტემატურად აწვდის ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სჭირდებათ და ზრუნავს ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდაზე.
„ჩვენთვის გენდერული საკითხები პრიორიტეტულია და ასეთი შეხვედრებიც ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ ღონისძიებაზე გამომსვლელთა მოსაზრებები საინტერესო და ინსპირაციული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ერთობლივ მუშაობასაც შევძლებთ და საბოლოოდ, აქ განხილულ თემებს ტელეკომპანიის მაყურებლებსაც გავაცნობთ“, - აღნიშნა „მთავარი არხის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თეონა ჩემიამ.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიისა და მის ფარგლებში განსახორციელებელი, საერთო ინიციატივების შესახებაც იმსჯელეს. ღონისძიება ცნობილი როლური თამაშით „იყავი მის ადგილას“ დასრულდა.
კერძო სექტორთან შეხვედრა პროექტის „საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.