ქალთა ლიდერობა COVID-19-ზე რეაგირების დროს
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, თუმცა უმნიშვნელოვანესია იმ სხვა ქალების როლი და ძალისხმევაც, რომლებიც პანდემიაზე რეაგირების პროცესებში ეფექტიანად მონაწილეობენ. კრიზისის დროს მათ არაერთი სხვა ქალის მხარდაჭერა შეძლეს.თარიღი:
„გახდით მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდამჭერები“, - ინდირა რობაქიძე, თბილისის კრიზისული ცენტრის დირექტორი
2020 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი სირთულე დაემატა: COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვებისა და იზოლაციის გამო, უამრავი ქალი და გოგო ყოველდღიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ინდირა რობაქიძე 15 წელია ამ ბრძოლაშია ჩართული. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის დირექტორი მიმართვიანობის გაზრდას პანდემიის პირველივე დღეებიდან ელოდა. იცოდა ისიც, რომ მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მომსახურებების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდებას იმ დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობდა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება ასეთ დროს მოქნილი, უფასო დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება იყო. ინდირაც წინასწარ მოემზადა და სერვისების მიწოდებისთვის დისტანციური პლატფორმები აამოქმედა.
“ჩვენი მუშაობა ერთი წუთით არ შეფერხებულა. ზარები ოჯახში ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე, 116 006-ზე შემოდიოდა და ფსიქოლოგთან ან იურისტთან მისამართდებოდა. შემდეგ კი ქალები თავად ირჩევდნენ, რომელი არხი სურდათ - სოციალური ქსელები, აპლიკაციები თუ მესინჯერები. ისინი კი, ვინც ფიზიკურად იყვნენ საფრთხის ქვეშ, ჩვენამდე პოლიციას ან თავად კრიზისული ცენტრის თანამშრომლებს მოჰყავდათ, მათ შორის რეგიონებიდანაც. იმ პერიოდში თავშესაფარში ბევრი ქალი და ბავშვი გადავიყვანეთ, ბევრსაც სასამართლო წარმომადგენლობა ონლაინრეჟიმში გავუწიეთ“,- ამბობს ინდირა რობაქიძე.
სერვისების დისტანციურ რეჟიმში გადატანამ მათი ცნობადობა გაზარდა. 2020 წელს თბილისის კრიზისულმა ცენტრმა 760 პირს გაუწია მომსახურება, მიმართვიანობამ კი 2019 წელთან შედარებით 31%-ით მოიმატა. დისტანციური პლატფორმები ფუნქციონირებას ახლაც განაგრძობს და მთელ საქართველოს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ემსახურება.
„ქალები ზოგჯერ მეზობლის, ან მეგობრის ტელეფონით გვიკავშირდებოდნენ და ამ პირთა წვლილიც ძალიან დიდია. სერვისებთან ერთად, განსაკუთრებული როლის შესრულება იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც ძალადობის შემთხვევების შესახებ იციან. მინდა, ყველას მოვუწოდო: გახდით მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდამჭერები. თუ თქვენ ბავშვის ტირილის, კედლის მიღმა გაგონილი ხმაურის მიმართ გულგრილობას გამოიჩენთ, ამით შესაძლო ფატალურ შედეგს არ შეუშლით ხელს“, - აღნიშნავს ინდირა რობაქიძე.
თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი 2016 წელს, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიხსნა.
„გვეამაყება, რომ ქალების წარმატებაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის“, - ნათია ნინიკელაშვილი, სოფლიდან.ჯის დამფუძნებელი
პანდემიისას სოფლად მცხოვრებ მეწარმე ქალებს პროდუქტების რეალიზაცია ძალიან გაუჭირდათ. ამ დროს ინტერნეტმაღაზია სოფლიდან.ჯი აღმოჩნდა ის ერთადერთი გზა, რომელმაც ბევრ მათგანს გაყიდვები შეუნარჩუნა და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობაც მისცა. ონლაინპლატფორმამ მომხმარებელ ქალებზეც იზრუნა და მათ პროდუქტით მომარაგებაზე ფიქრი შეუმსუბუქა.
სოფლიდან.ჯის დამფუძნებელმა, ნათია ნინიკელაშვილმა საკუთარი ბიზნესიდეაც სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ჩაიფიქრა. ონლაინმაღაზია უნდა ქცეულიყო ხიდად, რომელიც სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ქალებს დააკავშირებდა და მათ ერთმანეთის გაძლიერებაში დაეხმარებოდა.
პლატფორმის შექმნის შემდეგ ნათიამ ქალების წარმოებული პროდუქტები ცალკე განყოფილებაში გააერთიანა და მომხმარებლებს მათი შეძენა გაუმარტივა. მერე მეწარმეებსაც დაეხმარა: შესყიდვებით, ინფორმაციით, ეტიკეტირების პროცესში დაკვალიანებითა და ა.შ.
ახლა სოფლიდან.ჯი მეწარმე ქალების პოპულარიზაციას საკუთარი საკომუნიკაციო არხებითაც აქტიურად ეწევა, რამაც მათი ცნობადობაც გაზარდა და პროდუქტებზე მოთხოვნაც. „გვეამაყება, რომ ქალების წარმატებაში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის“, - ამბობს ნათია და მიაჩნია, რომ ახლა მათთვის გაყიდვების ინოვაციური გზების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „პანდემიამ მომხმარებლების ქცევა შეცვალა. ონლაინშეძენის ჩვევა უფრო გავრცელდება, ამიტომ სოფლად მცხოვრებმა მეწარმე ქალებმა ეს ცვლილებები ახალ შესაძლებლობად უნდა აქციონ“, - აღნიშნავს ნათია.
სოფლიდან.ჯი 2020 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერია. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების კომპონენტი 2018-2020 წლებში ნორგვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდებოდა.