გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში სამეგრელოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივებს გაეცნო

თარიღი:

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი ანაკლიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა. ფოტო: გაერო/ვლადიმერ ვალიშვილი
საბინე მახლი ანაკლიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა. ფოტო: გაერო/ვლადიმერ ვალიშვილი

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, რომელიც 19-21 მაისს ვიზიტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, იმ ინიციატივებს გაეცნო, რომლებსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამეგრელოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

20 მაისს საბინე მახლი ანაკლიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებსა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის გასაძლიერებლად, აქტიურად თანამშრომლობს.

შეხვედრის მონაწილეებმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაზე, გადაწყვეტილების მიღების, სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ჩართულობაზე იმსჯელეს.

ნონა ბუკიამ, რომელიც სოფელ ხურჩაში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორია, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზეისაუბრა. „ჩვენ მოსახლეობასთან ონლაინშეხვედრები გვქონდა. შედეგად გამოიკვეთა, რომ რისკის ჯგუფებთან სათემო ლიდერების მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო. აუცილებელია შეიქმნას პრობლემების ბაზა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს გადაეგზავნება“, - აღნიშნა მან.

შეხვედრა ანაკლიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი მეწარმის, მაია ფიფიას საოჯახო სასტუმროში გაიმართა. მანამდე კი საბინე მახლმა სათემო ფონდის, „ნეფას“ ოფისიც მოინახულა. „ნეფა“ იმ ადგილობრივმა აქტიურმა ქალებმა დააარსეს, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის კომპონენტში მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ. ახლა კი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ არაერთ საინტერესო პროექტს წარმატებით უძღვებიან. სათემო მობილიზაციისა და მეწარმეთა მხარდაჭერის კომპონენტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დახმარებით ახორციელებს.

საბინე მახლმა შეხვედრა ადგილობრივ მეწარმე და ფერმერ ქალებთან გამართა. ფოტო: გაერო/ვლადიმერ ვალიშვილი
საბინე მახლმა შეხვედრა ადგილობრივ მეწარმე და ფერმერ ქალებთან გამართა. ფოტო: გაერო/ვლადიმერ ვალიშვილი

იმავე დღეს საბინე მახლმა შეხვედრა ადგილობრივ მეწარმე და ფერმერ ქალებთან გამართა. მონაწილეებმა მას რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესზე პანდემიის გავლენა, არსებული სირთულეები და საჭიროებები გააცნეს. მონაწილე ქალებმა, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს უძღვებიან, საკუთარი საქმიანობები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ დახმარებით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განავითარეს.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში სოფელ ცაიშში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირების კრიზისული ცენტრიც მოინახულა. ცენტრი 2019 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სახლისა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა. იგი ძალადობის მსხვერპლებსა და ძალადობაგამოვლილ პირებს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას, სარეაბილიტაციო, სამედიცინო, იურიდიულ და რეფერალურ მომსახურებებს სთავაზობს.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში სოფელ ცაიშში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირების კრიზისული ცენტრი მოინახულა. ფოტო: გაერო/ვლადიმერ ვალიშვილი
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში სოფელ ცაიშში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირების კრიზისული ცენტრი მოინახულა. ფოტო: გაერო/ვლადიმერ ვალიშვილი

საბინე მახლი „სახლის“ ხელმძღვანელს, რუსუდან ფხაკაძესა და კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებსაც შეხვდა და უშაულოდ მოისმინა, თუ რა დახმარებას უწევს კრიზისული ცენტრი მათ და რა დამატებითი საჭიროებები აქვს ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის.

"ქალების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებსა და მათი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. გაერო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას კვლავაც გააგრძელებენ", - აღნიშნა შეხვედრების შემდგომ საბინე მახლმა.

აღსანიშნავია, რომ ახლახან გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, სამეგრელოში კიდევ ერთი პროექტი წამოიწყო, რომელიც ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. იგი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.