ფერმერთა საველე სკოლები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

თარიღი:

სოფელ კახათში მცხოვრები ნათია ღურწკაია საკუთარ ფერმაში. ფოტო: ნათიას პირადი არქივი
სოფელ კახათში მცხოვრები ნათია ღურწკაია საკუთარ ფერმაში. ფოტო: ნათიას პირადი არქივი

38 წლის ნათია ღურწკაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. ნათია აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობს და თან ძროხების მცირე ფერმასაც უძღვება.

„თავიდან მარტო 1 ძროხა მყავდა. სამწუხაროდ, მანქანა დაეჯახა და მისი ახალდაბადებული ხბო პატარა ბავშვივით, ხელოვნური საკვებით გავზარდე. ამ ამბის მერე ეტაპობრივად გავფართოვდი და დღეს უკვე 11 მეწველი ძროხა მყავს“, - ჰყვება ნათია.

ახალგაზრდა ფერმერი სულგუნს, იმერულ ყველს, მაწონსა და ნადუღს აწარმოებს. ამავდროულად, მუდმივად ცდილობს, საკუთარი პროდუქცია მაღალი ხარისხის იყოს, რისთვისაც მერძევეობის შესახებ ცოდნას ახლა ფერმერთა საველე სკოლაში მონაწილეობით იღრმავებს.

სასწავლო პლატფორმა ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკვე 6 თვეა ფუნქციონირებს და მიზნად ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, ტრენინგებისა და უნარების გაძლიერებით მათ განვითარებას ისახავს. პლატფორმის დახმარებით, ფერმერი ქალები კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, ყველის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს სწავლობენ. ამას გარდა, ისინი ბიზნესის დაწყების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურსსაც გადიან, რომლის მიმდინარეობისასაც მეწარმეობის, ლიდერობისა და მართვის უნარებს იღრმავებენ.

ნათია ღურწკაიამაც ტრენინგები ლიდერობის, ბიზნესის დაწყებისა და საინვესტიციო წინადადებების მომზადების შესახებ უკვე გაიარა, დაესწრო ტრენერთა ტრენინგებსაც. „ამ სკოლის დახმარებით საკუთარი თავი სხვა თვალით დავინახე, უფრო თავდაჯერებული და მიზანდასახული გავხდი. მისი დასრულების შემდეგ ვეცდები, ხელი შევუწყო და საკუთარი ცოდნა თუ გამოცდილება იმ მეწარმე ქალებსაც გავუზიარო, რომლებიც პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ“,- ამბობს ნათია, რომელიც სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. „უპირველესად რძის ჩამბარებელი პუნქტის შექმნა მსურს, რომელიც არც კახათში და არც მიმდებარე სოფლებში არ არის. მერე კი ყველის საწარმოს გახსნას, მისი სხვადასხვა სახეობის მომზადებასა და ფერმერთა სკოლაში გაცნობილი ქალების დასაქმებას ვაპირებ“, - დასძენს ნათია.

პროექტის ფარგლებში 5 მუნიციპალიტეტში სულ 20 საველე სკოლა შეიქმნება. ამჟამად 10 მათგანი ზუგდიდის, აბაშისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში უკვე ფუნქციონირებს და 40 ფერმერ ქალს აერთიანებს. პირველ ეტაპზე სწავლებას ჯამში 122 ქალი გაივლის, სულ კი პროექტით 1000 ფერმერის გადამზადებაა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტი მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის კუთხითაც ითვალისწინებს.

პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.