გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მუნიციპალურ დონეზე ქალთა საკითხების ადვოკატირებას აძლიერებენ
თარიღი:
ქვეყნის მასშტაბით გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პროგრესის მიღწევა მუნიციპალიტეტების ჩართულობის გარეშე რთულია, ამიტომ ამ საკითხების ადგილობრივ მთავრობებთან ერთობლივად ადვოკატირებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურ ნაბიჯებს დგამენ.
16 აგვისტოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი თელავის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, არჩილ თხლაშიძესთან შედგა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ქალაქ თელავში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგამოვლილი პირებისთვის კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ქალთა საკონსულტაციო ცენტრის, „სახლის“ ბაზაზე შეიქმნა. ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებთან შეხვედრების ძირითადი თემა სწორედ თელავის კრიზისული ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. ამავდროულად, ხაზი გაესვა ძალადობის მსხვერპლთათვის მდგრადი სერვისების მუნიციპალურ დონეზე მიწოდების მნიშვნელობასაც.
„გენდერული მეინსტრიმინგის მუნიციპალურ დონეზე გადატანა მნიშვნელოვანი მისიაა. იმედი მაქვს, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწყებული საქმე - რეგიონებში კრიზისული ცენტრების დაფუძნება, მალე გახდება მუნიციპალიტეტების პოლიტიკის ნაწილი", - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.
„მუნიციპალურ დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის სერვისების, განსაკუთრებით კი კრიზისული ცენტრების არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის საფუძველზე დეცენტრალიზაცია ამ სერვისების მდგრადობის გარანტია“, - დასძინა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს, რათა მუნიციპალიტეტში წარმატებით დაინერგოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კრიზისული ცენტრის პილოტური მოდელი, რომლის ფუნქციონირებასაც ადგილობრივი თვითმმართველობა წარმართავს.
აღნიშნული ძალისხმევა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP) ნაწილია, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.