წყალი, საბავშვო ბაღები და ინტერნეტი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების მთავარ საჭიროებებად რჩება

თარიღი:

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ საჭიროებებს აცნობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ საჭიროებებს აცნობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ. ამ საჭიროებების განსაზღვრასა და მათ შესახებ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ინფორმირებაზე კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს.

ერთ-ერთ ამგვარ ნაბიჯს წარმოადგენდა საჭიროებების კვლევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 10-10 სოფელში, ფონდ „ნეფას“ ორგანიზებითა და ადგილობრივი, აქტიური ქალების მონაწილეობით ჩატარდა. 143 შეკითხვის საფუძველზე თითოეული სოფლის პროფილი შედგა და პრიორიტეტული საჭიროებები გენდერულ ჭრილშიც გამოიკვეთა. აღნიშნული კვლევა გამყოფი ხაზების მიმდებარედ 112 სოფელში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების იმ შეფასების განახლებას წარმოადგენს, რომელიც 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მიერ მთავარ პრობლემებად მოუწესრიგებელი წყალმომარაგება, ინტერნეტკავშირის არარსებობა და არაკეთილმოწყობილი საბავშვო ბაღები დასახელდა. ამ საჭიროებებს კი COVID-19-ის პანდემიისას წყალზე და ზოგადად გაზრდილი მოთხოვნა და დისტანციური სწავლება თუ მუშაობა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ქალებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამბულატორიული მომსახურებების გაუმჯობესებაც, შიდა გზები, გარე განათებები, აფთიაქები და ა.შ.

გამოვლენილ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 27-28 ივლისს, კვლევაში მონაწილე ქალებმა შედეგები ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს პირადად გააცნეს. შეხვედრებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები - ზვიად ზვიადაძე და ეკა ყუბუსიძე ესწრებოდნენ.

„ამ პრობლემების ნაწილი მუნიციპალურ დონეზე რეაგირებას საჭიროებს და ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოგვარებას შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შეეცდება, ხოლო იმ საკითხებზე, რომლებიც ცენტრალიზებულ გადაწყვეტას საჭიროებს, მსჯელობა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გაგრძელდება“, - აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

ფონდი „ნეფა“, ადგილობრივ ქალებთან ერთად, პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობას კვლავაც გააგრძელებს. „ქალებს სჯერათ, რომ მათი აქტიური ჩართულობით ზოგიერთი საკითხის მოგვარება 2022 წელს შეიძლება, ზოგს კი შესაძლოა, მეტი დრო და ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა დასჭირდეს. ამ შეხვედრის შემდეგ ადვოკატირების პროცესს ქალები მუნიციპალიტეტებთან აგრძელებენ და ბიუჯეტირების პროცესში ჩართვისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა „ნეფას“ წარმომადგენელმა, ნინო ყორშიამ.

საჭიროებების კვლევა „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან ერთად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.