გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ISET-ის ახალი კვლევა საქართველოში დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ

თარიღი:

საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის. დედობის შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია კი თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ მონაცემები და მათი შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ონლაინპრეზენტაციაზე წარადგინეს. ღონისძიება, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს. ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებაც ქალებისა და კაცებისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას უმეტესად ქალები თმობენ. ოჯახის საქმეებზე პასუხისმგებლობის აღებაც ძირითადად ქალებს უწევთ, ამიტომ რეპროდუქციულ ასაკში ისინი არაპროდუქტიულ თანამშრომლებად და ნაკლებად მიმზიდველ კადრად განიხილებიან. საბოლოოდ, ეს გარემოებები სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე ნეგატიურად აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები შევიდა, დედობის დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობა გაუმჯობესებას კვლავაც საჭიროებს. ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის 183-ე კონვენციაც - დოკუმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ადგენს.“სამმხრივი კომისიისა და სოციალური პარტნიორობის დიალოგის ფორმატის სამუშაო გეგმაში 183-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხი გაწერილი გვაქვს. ამ პრეზენტაციაზე მიღებული ინფორმაცია და ISET-ის მხარდაჭერით მომზადებული ზეგავლენის შეფასება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება. ამავდროულად, პროცესში პარლამენტის ჩართულობა და აქტიურობა უმნიშვნელოვანესი იქნება“, - აღნიშნა კვლევის წარდგენისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

183-ე კონვენციის რატიფიცირება დასაქმებული დედებისა და მათი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ პროცესის მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.