ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება მუნიციპალიტეტების ჩართულობით მიმდინარეობს

თარიღი:

შეხვედრა მუნივიპალიტეტების წარმომადგენლებთან ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის თაობაზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, რიგით მეოთხე, სამწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება.

ამ პროცესის ფარგლებში, 30 ივლისს, სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი პრიორიტეტებისა და საქმიანობების იდენტიფიცირებისთვის, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ზუგდიდის, ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერის, სტეფანწმინდის, ონის, მესტიის, ხაშურის, გორის, კასპის, ქარელის, მარნეულის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, დუშეთის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეები იმ გამოწვევებსა და პრობლემებს გაეცნენ, რომლებსაც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ქალები და გოგოები აწყდებიან. მათ შორისაა: ჯანდაცვა და სხვა საბაზისო სერვისებზე წვდომა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, განათლება და სოციალური საკითხები. დისკუსიისას შეხვედრის მონაწილეებმა შეკითხვებს უპასუხეს და მუნიციპალიტეტებში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ზუგდიდის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის მიმართულებით არსებულ კარგ პრაქტიკაზე ისაუბრა. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებისთვის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ადგილობრივი სამოქმედო გეგმა შექმნა, რომელიც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოხუცებისთვის, ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური თუ სხვა მიზნობრივი დახმარების პროგრამებსა და პროექტებს მოიცავდა. შესაბამისად, ზუგდიდი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული მუნიციპალიტეტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია თემატური მუნიციპალიტეტების ჩართულობა და მონაწილეობა [ამ პროცესში]. ეს შეხვედრა კარგ შესაძლებლობას იძლევა, ერთობლივად გამოვავლინოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები, ვიმსჯელოთ სამომავლო პრიორიტეტებზე და ის მიმართულებებიც გამოვკვეთოთ, რომლებიც ახალ სამოქმედო გეგმაში უნდა გავითვალისწინოთ“,- განაცხადა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა.

ამ შეხვედრით ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკონსულტაციო ფაზა დასრულდა. სექტემბრიდან აღნიშნული პროცესი უკვე სამუშაო ფორმატში გადაინაცვლებს, რომლის დროსაც კონკრეტული მიმართულებების, აქტივობების, ინდიკატორების, განფასებისა და ბიუჯეტირების დეტალები განისაზღვრება.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.