ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოება ერთვება
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების იმ დამოუკიდებელი მონიტორინგის დასკვნები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც ქალთა ორგანიზაციების მიერ ჩატარდა. ამასთან, მათ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამავე გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგებზეც იმსჯელეს. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით ძალისხმევის გაძლიერება, მათ შორის, მის შესასრულებლად შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფაა საჭირო.
დისკუსიისას ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამოქმედო გეგმის ლოკალიზაცია, ჯანდაცვისა და სხვა საბაზისო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა და ადამიანის უსაფრთხოება.
„ვფიქრობ, ახალ სამოქმედო გეგმას დავუმატოთ ლოკალიზაცია, როგორც ცალკე მიმართულება, რომელიც დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს. შეიძლება, მასში ის აუცილებელი მექანიზმიც გავწეროთ, რომელიც დღეს გვაკლია, მაგალითად, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტებს გეგმის განხორციელებაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს“,- განაცხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე-მაია რუსეცკაიამ.
შეხვედრის ბოლოს ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ის პრიორიტეტული სფეროები და საქმიანობები განიხილეს, რომლებიც, მათი რეკომენდაციით, ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში უნდა აისახოს.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დევნილ და გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან საკონსულტაციო შეხვედრებიცაა დაგეგმილი. მათი დასრულების შემდეგ კი ეროვნული სამოქმედო გეგმა საბოლოო დამტკიცებისთვის საქართველოს მთავრობას წარედგინება.
შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში გაიმართა. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.