ქეთევან ჭუმბაძის სიტყვებით: “სამშვიდობო პროცესებში ჩართული ქალები ხელს უწყობენ კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებების გათვალისწინებას”

თარიღი: სამშაბათი, 24 მარტი, 2020 წელი

ქეთევან ჭუმბაძე
ქეთევან ჭუმბაძე; ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობს. ამავდროულად, იგი 1.5 არხის ფორმატის დიალოგის შეხვედრებშია ჩართული და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ტრენერია. ქეთევან ჭუმბაძე გენდერისა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების შესახებ ტრენინგკურსს უძღვება, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში შემუშავდა. კურსი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში საერთაშორისო ურთიერთობებსა და კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. ტრენინგებზე ქეთევან ჭუმბაძე საკუთარ გამოცდილებას სხვა ქალებს უზიარებს და ამგვარად ცდილობს სამშვიდობო პროცესებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერას.

Quote

კონფლიქტის საკითხებზე მიმდინარე დიალოგის პროცესებში ჯერ კიდევ დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე ჩავერთე. ეს გამოცდილება საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუშაობა კონფლიქტის თემებზე დავიწყე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე გავხდი. ფორმატის, სადაც ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილების დაბრუნების, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. სამშვიდობო პროცესში ჩართულობა და კონფლიქტის თემაზე მუშაობა, ცხადია, დიდი პასუხისმგებლობაა: სულ მობილიზებული ხარ, ცდილობ, ყურადღების მიღმა არაფერი დაგრჩეს, სწავლობ, როგორ აკეთო მაქსიმუმი მინიმალურ დროში.

გუნდი, რომელთან ერთადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში ვმუშაობ, გენდერულად დაბალანსებული და ინკლუზიურია, რაც, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის წარმართვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ვცდილობთ, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებებში მაქსიმალურად წამოვწიოთ ადამიანური განზომილება, დავსვათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, განსაკუთრებით - დაზარალებული ქალების საჭიროებები. ძალისხმევას არ ვიშურებთ „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გასაძლიერებლად ჩვენს უწყებაში და მის გარეთ.

ბევრი მაგალითი ადასტურებს, რომ სამშვიდობო პროცესებში ჩართული ქალები ხელს უწყობენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გათვალისწინებას. თუმცა, მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, სამშვიდობო პროცესებსა და მოლაპარაკებებში ქმედითი ჩართულობისთვის ქალებს, მით უფრო ახალგაზრდა ქალებს, კვლავაც არაერთი ხილული თუ უხილავი ბარიერის გადალახვა უწევთ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციებში ხშირად ვმონაწილეობ და ყოველთვის, როცა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ ქალებს ვუსმენ, ვხვდები, თუ რამდენად ერთნაირია გამოწვევები ყველგან, კულტურული განსხვავების მიუხედავად.

წელს 20 წელი სრულდება „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის მიღებიდან. რასაკვირველია, პროგრესი არის და ეს სტატისტიკაშიც ჩანს: გაიზარდა ქალთა ჩართულობა როგორც მომლაპარაკებლების, ისე მედიატორების მხარეს, მეტი ფოკუსი კეთდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების უფლებებსა და საჭიროებებზე, გაიზარდა გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური სამშვიდობო შეთანხმებების რაოდენობა, მაგრამ არის კი სტატისტიკა დამაკმაყოფილებელი? იძლევა კი ეს შედეგები არსებით სხვაობას? რა თქმა უნდა, არა.

გენდერის თემაზე კვლავაც ბევრი სტერეოტიპია. ამიტომ ჩვენ, ალბათ, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე, რაც, პირველ რიგში, პერსონალური გამოცდილებების გაზიარებითა და კონკრეტული ისტორიების მოსმენითაა შესაძლებელი. ტრენინგი, რომელსაც ვატარებთ, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება - ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებზე ცოდნის დაუფლებასთან ერთად, ერთმანეთს პირად გამოცდილებებს ვუზიარებთ.

ჩვენ ისტორიაშიც გვქონდა არაერთი მაგალითი ლიდერი ქალებისა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. დღესაც საქართველოში, დიპლომატიასა თუ უსაფრთხოების სექტორში, არაერთი ძლიერი და პროფესიონალი ქალი მუშაობს, რომლებიც ყოველდღიური საქმით ამტკიცებენ პროცესებში ქალების ჩართულობის აუცილებლობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ჭკვიანმა და გაბედულმა ქალებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყონ ხელი ჩვენს ქვეყანაში გენდერულ დღის წესრიგის გაძლიერებასა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემის პოპულარიზაციას.“

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები