ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმა მუშავდება

თარიღი:

 საქართველოს პარლამენტის წევრის ასისტენტი ელისაბედ სიხარულიძე შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოს პარლამენტის წევრის ასისტენტი ელისაბედ სიხარულიძე შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ მეოთხე, 2021-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.

გეგმის პირველადი ვერსიის შედგენის მიზნით, სამუშაო შეხვედრა 9 ივლისს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასა და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ეგიდით გაიმართა. მას შესაბამისი უწყებებიდან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები დაესწრნენ. მონაწილეებმა გეგმის პრიორიტეტებსა და იმ ინიციატივებზე იმსჯელეს, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტით უნდა განისაზღვროს.

სამუშაო პროცესი წინა სამოქმედო გეგმების განხორციელების გამოცდილებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ასევე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ასახულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნო.

„ჩვენ კვლავაც მოუგვარებელი კონფლიქტის რეჟიმში ვიმყოფებით, ამიტომ 1325 რეზოლუცია აქტუალობას არ კარგავს. შესაბამისად, რეზოლუციის სამოქმედო გეგმის შესრულება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების ჩართულობის გაზრდა და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია. რეზოლუციის სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად დეტალური და არსებულ რეალობაზე მორგებული უნდა იყოს“ ,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ, რომელიც ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესს წარმართავს.

შეხვედრის მონაწილე უწყებები სამოქმედო გეგმაზე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების, მათი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფართო მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველყოფისთვის, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, რეგიონებში, მათ შორის დევნილ და გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრებსაც გამართავს. პროცესის დასრულების შემდეგ კი ეროვნული სამოქმედო გეგმა საბოლოო დამტკიცებისთვის საქართველოს მთავრობას წარედგინება. მისი მიღება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში” ფარგლებში მიმდინაროებს. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.