ნინო ბერიკაშვილის სიტყვებით: „ქალები სამშვიდობო პროცესებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ“

თარიღი:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის წევრია და ჰუმანიტარული სამუშაო ჯგუფის შეხვედრებშია ჩართული. პარალელურად, იგი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში გენდერისა და ინკლუზიური სამშვიდობო პროცესების შესახებ ტრენინგებს ატარებს. ეს კურსი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში შემუშავდა. იგი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი.

Quote

უსაფრთხოების სფეროს მიმართ სტუდენტობიდანვე განსაკუთრებული ინტერესი მქონდა და ისე გამოვიდა, რომ მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობის მანძილზე მართლაც სულ ამ მიმართულებით ვმუშაობ. რუსეთსა და საქართველოს შორის ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში 4 წლის წინ ჩავერთე, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის სამმართველო შეიქმნა და მის ხელმძღვანელად დავინიშნე. ვფიქრობ, სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხებზე საგარეო უწყებაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამშვიდობო პროცესის ეფექტიანობის ახალ ხარისხში აყვანასა და ინკლუზიურად წარმართვას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ისედაც ურთულესი და განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო პროცესია: ჩართული ხარ მოლაპარაკებებში უსაფრთხოების იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, და ამავდროულად ისეთ საკითხებზე მუშაობ, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება. მაშინ, როცა უსაფრთხოება მეტწილად მაინც კაცების თემად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში და მომლაპარაკებელთა უმეტესობაც კაცია, ვფიქრობ, ამ ფონზე ქალებს კიდევ უფრო განსაკუთრებული როლი აკისრიათ, რადგან სწორედ ქალები ახდენენ ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის სტიმულირებას.

ზოგადად, მსოფლიოს ყველა სამშვიდობო პროცესში ერთგვარ სირთულეებთანაა დაკავშირებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა საკითხების მათი რეალური მნიშვნელობით წარმოჩენა. ბუნებრივია, როცა მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებთან და ოკუპაციასთან გვაქვს საქმე, ყველა კითხულობს, „რა შუაშია აქ ქალების თემა? ან რატომ მხოლოდ ქალებზე?“ მაგრამ განა დეოკუპაციისა და უსაფრთხოების თემა გადაჯაჭვული არ არის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალების პრობლემებთან?! სწორედ ამიტომ ჩვენ სულ ვცდილობთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების, განსკუთრებით კი კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოკვეთასა და წინა პლანზე წამოწევას მოლაპარაკებებში. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასპექტი: უშუალოდ კონფლიქტით დაზარალებული ქალების ხმა სამშვიდობო პროცესში უფრო მკაფიოდ უნდა გაისმას, რომ შედეგიც ეფექტიანი იყოს და ის თითოეულის ცხოვრებაზე უკეთ აისახოს. მე და ჩემი გუნდი არც ამ მიმართულებით ვიშურებთ ძალისხმევას.

ქალების მონაწილეობით და ხელშეწყობით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჰუმანიტარული და ქალთა საკითხების ინტეგრირება მართლაც კარგად ხერხდება, რადგან ჩვენ ყოველდღიურობაში ვგრძნობთ ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობას.

სამწუხაროდ, გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის მიღებიდან 20 წლის თავზეც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ სიტყვები მოქმედებებში აისახოს. საბედნიეროდ, პროცესი აქეთკენ მიდის, მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იზრდება ქალთა ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში და სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებებზე და უფლებებზე. თუმცა პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და კონკრეტული მაგალითებით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი ქალის ინსპირაცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე კურსის დაფუძნება და ტრენერობასაც დიდი სიხარულით სწორედ იმიტომ დავთანხმდი, რომ მწამს, მათი ჩართულობა ძალიან მნიშნველოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადადგა, წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. იმედი მაქვს, ტრენინგები, რომლებსაც ვუძღვები, ამ გზის გავლაში თავის წვლილს შეიტანს“.