გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება საქართველოს უსაფრთხოების სექტორში

თარიღი:

საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების მიზნით, თბილისსა და გორში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართა.

მაღალი რანგის ლიდერთა სემინარი თბილისში
მაღალი რანგის ლიდერთა სემინარი თბილისში; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

6 აგვისტოს, თბილისში, მაღალი რანგის ლიდერთა სემინარი ჩატარდა, რომლის მიზანიც საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელი უწყებების (თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მხარდაჭერა იყო.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ მიმართეს.

სემინარში მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორის წამყვან პოზიციაზე მომუშავე ასამდე პირმა მიიღო. მათ პოლიტიკური, სამხედრო, სტრატეგიული და ოპერაციული მიზნების მიღწევისთვის გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქალების უნარებსა და შესაძლებლობებს, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ თავდაცვის ძალებში მათ მოზიდვასა და წინსვლას“, - განაცხადა გენერალმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა ალექსანდრე კიკნაძემ.

გენდერზე საკონტაქტო პირების კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი გორში
გენდერზე საკონტაქტო პირების კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგი გორში; ფოტო: საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

აღნიშნული სემინარის პარალელურად, ქალაქ გორში, გორის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გენდერზე საკონტაქტო პირების კვალიფიკაციის ამაღლების სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. იგი თავდაცვის სისტემაში ოპერაციულ და სტრატეგიულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლების საქმიანობაში გენდერული პრინციპების ინტეგრირებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნულმა ღონისძიებებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ უსაფრთხოების სექტორის ყველა რგოლში - წამყვან პოზიციებსა თუ ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე დასაქმებული პირების ყოველდღიურ საქმიანობაში გენდერული პერსპექტივის დანერგვა, ინტეგრირება და გათვალისწინება უსაფრთხოების სექტორის წარმატებული რეფორმირების საწინდარია და ხელს უწყობს შესაბამისი უწყებების განვითარებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

თბილისსა და გორში გამართული ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. მათ შვედეთის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის (Nordic Centre for Gender in Military Operations) და ბულგარეთის კრიზისების მართვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სასწავლო ცენტრის (Crisis Management and Disaster Response Centre of Excellence) ტრენერები და ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.