სქესობრივი დანაშაულების გამოძიებაზე სპეციალიზებული გამომძიებლები იმუშავებენ

თარიღი:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სქესობრივი დანაშაულებების სპეციალიზაციაზე მუშაობა დაიწყო და სპეციალური სასწავლო პროგრამა დანერგა. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სქესობრივი დანაშაულებების სპეციალიზაციაზე მუშაობა დაიწყო და სპეციალური სასწავლო პროგრამა დანერგა. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხარდაჭერას აგრძელებს.

ამჯერად ამგვარი დანაშაულებების სპეციალიზაციაზე მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, სპეციალური სასწავლო პროგრამა დანერგა. პროგრამის მიზანია, სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მეტი ცოდნა მიიღონ და ტრენერისთვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ, შემდგომ კი ის 240-მდე გამომძიებელი გადაამზადონ, რომლებიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს მაღალი სტანდარტით გამოიძიებენ.

პროგრამის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი 8 ივნისს დაიწყო. სწავლების პროცესში მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობის დანაშაულები გენდერულ ჭრილში, სტამბოლის კონვენციისა და სხვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების წარმართვა. სწავლების მონაწილეები სქესობრივ დანაშაულებზე კასკადური ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიასაც გაეცნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნატი გელოვანი ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღება აღმოჩნდა, რომლებიც ამგვარი კატეგორიის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების როლს, მისი წარმოების საერთაშორისო სტანდარტებსა და სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერულ ჭრილში განხილვას შეეხებოდა. „მიღებული ცოდნა დამეხმარება, ხელი შევუწყო მსხვერპლზე ორიენტირებული გამოძიების წარმოებასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას, სამომავლოდ სქესობრივი ძალადობის დანაშაულებზე ტრენინგის უკეთ ორგანიზებასა და მონაწილეებისთვის ინფორმაციის იმგვარად მიწოდებას, რომ მათ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება უზრუნველყონ“, - აღნიშნავს ნატი გელოვანი.

ტრენინგი სექსუალური ძალადობის გამოძიების, დევნისა და სასამართლო განხილვის შესახებ სახელმძღვანელოს ეფუძნება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და ორგანიზაცია "Equality Now"-ის მხარდაჭერით შემუშავდა.

სწავლება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP), ევროპის საბჭოს და ორგანიზაცია "Equality Now"-ის ხელშეწყობით ტარდება.