ძალადობის მსხვერპლების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა

თარიღი:

მარცხნიდან მარჯვნივ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
მარცხნიდან მარჯვნივ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ხელისუფლების, არასამთავრობო თუ დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნესის ჩართულობას მოითხოვს. სწორედ ასეთი ერთიანი მიდგომა იწვევს სოციალური ნორმებისა თუ ქცევის მასშტაბურ ცვლილებებს და აღნიშნულ პროცესში კერძო სექტორს განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

ამ როლის ხაზგასმა წარმოადგენდა შეხვედრის ერთ-ერთ მიზანს, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ბიზნესგაერთიანებების ინიციატივით, ძალადობის მსხვერპლების ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ გაიმართა. შეხვედრაში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესორგანიზაციების, ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“, ევროპის ბიზნესასოციაციისა და საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები იღებდნენ.

შეხვედრა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ გახსნეს.

„გაერო გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, გენდერული პასუხისმგებლობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს ხელშეწყობას. ძალადობაგამოვლილი ადამიანების რეაბილიტაცია არა მარტო სამართლიანობას, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობასაც მოითხოვს. კერძო სექტორს შეუძლია, დაეხმაროს მათ დასაქმების შესაძლებლობებით, უნარების სწავლებითა და მხარდამჭერი სამუშაო სივრცის უზრუნველყოფით“, - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

„ქალებისა და გოგოებისთვის ინვესტიციების გაზრდა მთლიანად საზოგადოებისთვისაა კეთილდღეობის მომტანი. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა ქალთა უფლებები ჩვენი ეროვნული პოლიტიკისა და დიპლომატიის პრიორიტეტად გამოაცხადა. ძალადობის მსხვერპლების დასაცავად, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვთანამშრომლობთ. თიბისი ბანკთან ერთად, მეწარმე ქალებს დაფინანსებაზე წვდომაში ვეხმარებით. ბიზნესს უდიდესი ტრანსფორმაციული ძალა აქვს, იბრძოლოს დისკრიმინაციასთან, აღკვეთოს არასწორი წარმოდგენები და ხელი შეუწყოს თანასწორობას. გვაქვს მოლოდინი, რომ ვითანამშრომლებთ თითოეულ კომპანიასთან, ყველასთან, რათა წინ წავწიოთ ისეთი გლობალური საკითხი, როგორიც გენდერული თანასწორობაა“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ.

ღონისძიების მიმდინარეობისას ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები განიხილეს, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კი ის წარმატებული ინიციატივები გააზიარეს, რომლებიც მათ კომპანიებში ძალადობაგამოვლილი ადამიანების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაინერგა.

„ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა შევეჭიდოთ: სახელმწიფო, ბიზნესი და არასამთავრობო ორგანიზაციები. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერება მაღლდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ყველა ჩვენგანი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, უნდა ჩავერთოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი, გავაკეთოთ კონკრეტული საქმე ძალადობაგამოვლილი ადამიანების დასახმარებლად“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ჩიხლაძემ.

აღსანიშნავია, რომ წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილიც „გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ აქცენტს სწორედ ქალების პოტენციალსა და შესაძლებლობებში ინვესტირების მნიშვნელობაზე აკეთებს, მოუწოდებს ყველას, გააერთიანონ ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევის, დემოკრატიული საზოგადოებებისა და სამართლიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის.

შეხვედრა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "სპეციალიზებული სერვისების გაძლიერება გენდერული ძალადობის მსხვერპლებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ.