სოფლად მცხოვრებმა ქალებმა გარემოს მსოფლიო დღე აღნიშნეს

თარიღი:

საკუთარ თემში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, მარადისელი ქალები ხეებს რგავენ. ფოტო: ფონდი ტასო
საკუთარ თემში გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მარადისელმა ქალებმა ხეები დარგეს. ფოტო: ფონდი ტასო

მცირე ნაბიჯებს დიდ ზეგავლენამდე მივყავართ - სწორედ ეს სლოგანი იქცა მთავარ ინსპირაციად სოციალური მობილიზაციის კომპონენტში ჩართული, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებმაც 5 ივნისს, გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სამ რეგიონში მოხალისეობრივი ინიციატივები წამოიწყეს.

სოციალური მობილიზაციის კომპონენტში მონაწილე ქალები საკუთარ თემებში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და ზოგადად აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციაზე მუდმივად ზრუნავენ. ამჯერად კი მათ არჩევანი გამწვანების, დასუფთავებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებზე შეაჩერეს. ინიციატივები ფონდი „ტასოსა“ და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ თვითდახმარების ჯგუფების წევრმა ქალებმა გარემოს მსოფლიო დღის აღსანიშნავ ინიციატივებში ახალგაზრდები, თემების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობებიც ჩართეს.

„ადამიანებმა ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ. ჩვენი ჯანმრთელობა ხომ მასზე დამოკიდებული, ამიტომ გარემოს დაცვა თითოეულს გვევალება. თანაც, ამგვარი ინიციატივებით მომავალ თაობებს მაგალითიც უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში მცხოვრებმა, იზოლდა ანსიანმა, რომელიც კვირეულში აქტიურად მონაწილეობდა.

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქალებმა, გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხეები დარგეს. ფოტო: კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქალებმა ხეები დარგეს. ფოტო: კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი

გარემოს მსოფლიო დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, 130-მდე ხე დაირგო, დარიგდა ბროშურები, ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები, რომლებიც მიზნად საერთო პასუხისმგებლობის გააზრებას, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების პოპულარიზაციას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც.

„სოციალური მობილიზაციის და ქალთა გაძლიერების მთავარი შედეგი სწორედ მაშინ დგება, როდესაც თემი საერთო ინტერესების ირგვლივ ერთიანდება და გლობალური კეთილდღეობის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა: უკვე გაძლიერებულმა ქალებმა, რომელთაც მკაფიო მიზნები და ღირებულებები აქვთ, დანარჩენი მოსახლეობა შემოიკრიბეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლიც, რომლებიც გარემოს დაცვისთვის, კლიმატური ცვლილებებთან ადაპტაციასა და ეკოსისტემის აღდგენისთვის გაერთიანდნენ“, - აღნიშნავს ფონდი „ტასოს“ პროექტის მენეჯერი მაია გრძელიშვილი.

გარემოს მსოფლიო დღე გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში აღინიშნა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.