საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შედგენის ინსტრუქცია შეიმუშავა

თარიღი: ხუთშაბათი, 17 ივნისი, 2021 წელი

ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს წარადგენს. ფოტო: ათეა
ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავების სახელმძღვანელოს წარადგენს. ფოტო: ათეა

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაცია (ათეა) მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს მათ სპეციფიკაზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ათეამ ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტისთვის სპეციალური სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია 2021 წლის 17 ივნისს გაიმართა და მას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, განვითარების პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებმა სახელმძღვანელოს წარდგენასთან ერთად, მის პრაქტიკულ გამოყენებაზე, მათ შორის ტრენინგებისა და კოორდინაციის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

სახელმძღვანელო გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების საერთაშორისო ჩარჩოებს ეფუძნება. იგი გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების ძირითადი პრინციპებისა თუ ეტაპების შესახებ დეტალურ ინსტრუქციებს მოიცავს. ამასთან, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ტექნიკურ სტანდარტებს ადგენს და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების თემატურ პრიორიტეტებს მიმოიხილავს. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავების ინსტრუმენტების შაბლონებსაც მოიცავს.

„ვიმედოვნებთ, რომ სახელმძღვანელო ადგილობრივ თვითმმართველობებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების გაუმჯობესებასა და ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში დაეხმარება“,- განაცხადა პრეზენტაციაზე ათეას პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

დოკუმენტის ოფიციალურ წარდგენასთან ერთად, ღონისძიებაზე 3 მუნიციპალიტეტი - ლანჩხუთი, ხობი და ონი - „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას ოფიციალურად შეუერთდა. შედეგად, ქარტიაში გაწევრიანებული მუნიციპალიტეტების რიცხვი უკვე 21-ია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4 იყო, ათეასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ადვოკატირებით კი, ქარტიაში უკვე მუნიციპალიტეტების 32%-ია გაერთიანებული.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას კვლავაც გააგრძელებს, რათა მათ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავება ახალი სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით შეძლონ. ათეასთან პარტნიორობით, 2021-2022 წლებში, ამ მხარდაჭერას ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ათეას თანამშრომლობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები