საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს მხარდაჭერა გრძელდება

თარიღი:

სხვადასხვა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის შესახებ ტრენინგს ესწრებიან. Ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სხვადასხვა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის შესახებ ტრენინგს ესწრებიან. Ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ როცა ქალები საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ, ეს დაწესებულებები გენდერულად უფრო ინკლუზიური ხდება, რაც, ამავდროულად, მეტად ეფექტიანი მომსახურებების მიწოდებასა და პოლიტიკების შექმნას უწყობს ხელს.

საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის შემუშავების კუთხით საჯარო სამსახურის ბიუროს მხარდაჭერას აგრძელებს. საგულისხმოა, რომ ეს მხარდაჭერა ზოგადად საჯარო სამსახურში ინკლუზიური, სამართლიანი და მიმზიდველი დასაქმების პოლიტიკის დანერგვასაც მოიაზრებს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება საჯარო სამსახურში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის სახელმძღვანელო, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით შემუშავდა. ის ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის ციკლში გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის ინტეგრირებას, განიხილავს ამ პოლიტიკის უპირატესობებს და საჯარო სამსახურში მისი დანერგვის მექანიზმებსაც აერთიანებს.

სახელმძღვანელოს შექმნის პარალელურად, ივნისში აღნიშნული თემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგი 56-მა საჯარო მოსამსახურემაც გაიარა. შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეები გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის გლობალურ პერსპექტივასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ, ასევე, სახელმძღვანელოს ძირითადი საკითხებიც განიხილეს..

“გენდერულად მგრძნობიარე დასაქმების პოლიტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს თანამშრომლის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, თანასწორი გარემოს შექმნას, ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდას, მათ კარიერულ წინსვლასა და გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე წარმოდგენას” ,- აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბათუმის მერიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო კერვალიშვილმა.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნორვეგიის მთავრობის მიერ.