საქართველომ გენდერული თანასწორობისთვის ახალი ვალდებულებები აიღო

თარიღი:

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

თანასწორობის თაობის პარიზის ფორუმამდე ერთი დღით ადრე საქართველო გლობალურ მოძრაობას შეუერთდა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ახალი ვალდებულებები აიღო.

ღონისძიებაზე, რომელიც საფრანგეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისების ინიციატივით, თბილისში, 29 ივნისს ჩატარდა, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორი თემატური მიმართულებით ახალი ვალდებულების რეალიზებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, გააძლიერებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევას, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და ამ გზით გენდერული თანასწორობის მიღწევას.

“გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალთა უფლებების დაცვა არის შეუსრულებელი დაპირება - მსოფლიომ ეს დაპირება ქალებს და გოგოებს ოცდახუთზე მეტი წლის წინ პეკინის ქალთა მსოფლიო კონფერენციაზე მისცა .თანასწორობის თაობის მოძრაობა შესაძლებლობას აძლევს მთავრობას, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ დაპირების შესრულებაში”, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში თამარ საბედაშვილმა.

როგორც საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, თანასწორობის თაობის ფორუმი ქალებსა და კაცებს, გოგოებსა და ვაჟებს შორის თანაწორობას პოსტკოვიდური აღმშენებლობის დღის წესრიგის სათავეში აქცევს. „იგი 30 ივნისიდან 2 ივლისამდე, პარიზში, მრავალ ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციას, ასოციაციასა თუ კერძო პარტნიორს ამბიციური ვალდებულებების ასაღებად და მიზნობრივი სამოქმედო კოალიციების შესაქმნელად მოუყრის თავს. მოხარულები ვართ საქართველოს მონაწილეობით უმაღლეს დონეზე და იმ მნიშვნელოვანი წვლილით, რომელიც მას ფორუმის წარმატებაში შეაქვს. ეს მონაწილეობა ხაზს უსვამს საფრანგეთს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული საერთო იდეალების ხარისხს",- აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველი და ადგილობრივი პარტნიორები ესწრებოდნენ. „სახელმწიფოს წამომადგენლებმა, მათ შორის გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით, გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი მიმართულებები და ვალდებულებები, რომლებითაც პარიზის ფორუმზე სხვა სახელმწიფოებს შევუერთდებით და განვაცხადებთ, რომ გენდერული თანსწორობისთვის ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

ღონისძიებაზე საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა საფრანგეთის საელჩოს ადამიანის უფლებების ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულიც გამოავლინა. სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის ჯილდო მულტიმედია პლატფორმამ, GrlzWave-მა მიიღო.

მოძრაობა „თანასწორობის თაობა“ გაეროს ინიციატივით, მიმდინარე წლიდან დაიწყო. იგი მსოფლიოს მასშტაბით COVID- 19-ის გამოწვევებით შეცვლილ სინამდვილეში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ახალ სივრცეს ქმნის. მოძრაობა ქალთა უფლებების დაცვის ყოვლის მომცველ დოკუმენტს - პეკინის დეკლარაციასა და მოქმედებათა პლატფორმას ეყრდნობა. მოძრაობის განვითარებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში ერთიანი ძალისხმევით ზრუნავენ.