მეწარმე ქალები COVID-19-ის პანდემიის კრიზისთან გამკლავების ახალ ხერხებს სწავლობენ

თარიღი:

ანა კილასონიძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ანა კილასონიძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

37 წლის ანა კილასონიძე კახეთში, სოფელ კართუბანში ცხოვრობს. 4 შვილის დედა ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებსა და ბავშვების სადღესასწაულო ფორმებს ამზადებს. ეს საქმიანობა მისი ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავალია, თუმცა COVID-19-ის პანდემია ანას მცირე ბიზნესს დიდ ზიანს აყენებს.

„ალბათ, წარმოგიდგენიათ 4 მცირეწლოვნის დედისთვის რამდენად რთულია სახლში გამოკეტილ შვილებზე ზრუნვა, საშინაო საქმეების მოგვარება და პარალელურად საყვარელი ხელსაქმისთვის დროის გამოყოფა. სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ოჯახის გაძღოლაში არ არის. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ღონისძიებები აღარ იმართება და ჩემი ფორმები, აქსესუარები თუ ნივთები აღარავის სჭირდება“, - ამბობს ანა.

COVID-19-მა რთული გამოწვევების წინაშე ბევრი მცირე და საშუალო მეწარმე ქალი დააყენა. მათ შორის ანა და მასთან ერთად ის სხვა ქალებიც, რომლებმაც საქმიანობები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განავითარეს. რადგანაც კრიზისთან გამკლავებისა და მისი უარყოფითი გავლენის შემსუბუქებისთვის ახლებური გადაწყვეტილებების მოძიება გახდა საჭირო, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პანდემიაზე რეაგირების პროცესში ერთ-ერთ მიზნად მეწარმე ქალების მხარდაჭერა და კრიზისის დაძლევის სტრატეგიების შემუშავებაში მათი დახმარება დაისახა. ეს დახმარება კი უპირველესად მცირე და საშუალო მეწარმე ქალებისთვის, მათ შორის ანასთვისაც, შესაბამისი ცოდნის გაზიარებაში გამოიხატა.

მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილე ქალები, რომლებმაც საქმიანობა სწორედ ამ პროექტის მხარდაჭერით განავითარეს, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად ინტერნეტსივრცეში, ონლაინტრენინგებზე გაერთიანდნენ. 125-მდე ქალმა 7 ტრენინგი გაიარა. სწავლების პროცესში აქცენტი პანდემიის დროს საჭირო მარკეტინგსა და ბრენდინგზე, მდგრად სოფლის მეურნეობასა და კრიზისის დაძლევისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე გაკეთდა. ანა კილასონიძე ამბობს, რომ ამ ცოდნით ახლა უფრო უკეთ მოემზადება: „სულ ხომ ასე არ გაგრძელდება? ვეცდები, მომზადებული შევხვდე, არ დავნებდე“, - აღნიშნავს ის და ხელნაკეთი ნივთების შექმნას აგრძელებს.

ონლაინტრენინგებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან დარგის სპეციალისტები, ასევე, ის ქალები უძღვეობდნენ, რომლებიც ახლა საკუთარ ბიზნესებს წარმატებით მართავენ. მათ მიერ გაზიარებული ცოდნა მნიშვნელოვანი სტიმული აღმოჩნდა 57 წლის სანუბერ პირმამადოვასთვის, რომელიც აზერბაიჯანში, სოფელ ბალაგუსარში ცხოვრობს, რძის პროდუქტებს ამზადებს და ადგილობრივ მაღაზიებში ყიდის. „ყველა ტრენინგი ახალი ცოდნის წყარო იყო. ინფორმაციასთან ერთად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც მივიღე. გავიგე, როგორ ვმართო რისკები კრიზისის დროს და როგორ შევფუთო სწორად ჩემი პროდუქტი. კარატინის დროს სახლიდან ვერ გამოვდიოდი და ამ შეზღუდვამ ჩემი საქმიანობა შეაჩერა, თუმცა ახლა ეს ცოდნა მეწარმეობის განვითარებაში ძალიან დამეხმარება“, - ამბობს ის.

ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით, Care International-თან, Green Lane-თან, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებთან პარტნიორობით ხორციელდება.