სახალხო დამცველმა საქართველოში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა

თარიღი:

სახალხო დამცველის აპარატმა კვლევა „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“  წარადგინა. ფოტო: სახალხო დამცველი აპარატი
სახალხო დამცველის აპარატმა კვლევა "გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა" წარადგინა. ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

ბოლო წლებში საქართველომ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია, რაც ცალკეული კანონებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კუთხით განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუმცა, პროგრესის მიუხედავად, საჯარო მმართველობის სფეროში გენდერული მეინსტრიმინგი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, კვლევის „გენდერული მეინსტრიმინგი - საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების სტატუსის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა. ამგვარი კვლევა ქვეყანაში პირველად ჩატარდა და მან საქართველოს მიერ გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება შეაფასა. ამასთან, ანგარიშმა ასახა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის მმართველობის სისტემაში, ყველა დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების შესახებ. კვლევის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთავრობის, განვითარების პარტნიორებისა და სამოქალაქო სექტორის 45-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

„გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ ცალკე მდგომი ინიციატივები ქალთა გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის. არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევისა და უკეთესი საჯარო მმართველობისთვის გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელება მმართველობის პროცესში ყველა დონეზე არსებითად მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოში გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა, საბინე მაჰლმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის როლსა და მნიშვნელობას გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით.

”გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ვალდებულებები გენდერული ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის დაგეგმარებაში გენდერული საკითხების ინტეგრირების შესახებ, სათანადოდ არ ასახულა ეროვნულ პოლიტიკასა და კანონმდებლობაში. ვიმედოვნებთ, რომ ამ ანგარიშში თავმოყრილი მიგნებები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, განსაზღვროს და შეავსოს გენდერულ მეინსტრიმინგთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები მომავალი რეფორმების განხორციელებისას, განსაკუთრებით საჯარო ადმინისტრირებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში”,- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ანგარიშის გამოქვეყნება განსაკუთრებით დროულია და სტრატეგიულად ემთხვევა საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავების პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მათ შორისაა, საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია, ადამიანის უფლებათა სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები ქალთა მიმართ ძალადობაზე, ოჯახში ძალადობაზე და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები ზემოაღნიშნული სამთავრობო პოლიტიკის დოკუმენტების ინფორმირების სარწმუნო მტკიცებულებებს მოიცავს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო ინკლუზიური და გენდერულად მგძნობიარე პოლიტიკის შემუშავებას.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეოს საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.