გაეროს სისტემის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობასთან პანდემიის ფონზე დევნილთა განსახლების გადაუდებელ საჭიროებებზე მსჯელობენ

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეები კორონავირუსის პანდემიის ფონზე დევნილთა განსახლების გადაუდებელ საჭიროებებზე მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შეხვედრის მონაწილეები ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დევნილთა განსახლების გადაუდებელ საჭიროებებზე მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებთან ერთად, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღის ღონისძიებას ყოველწლიურად მართავს.

2020 წელს ონლაინ ჩატარებული ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე წარმოადგენდა პლატფორმას აზრთა გაცვლისთვის გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შორის. ღონისძიებაზე ყურადღება პანდემიით გამოწვეულ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებზე გამახვილდა.

განსაკუთრებით მწვავედ კი შემდეგი საკითხები გამოიკვეთა: დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებული მძიმე სიტუაცია და დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც კრიტიკულად დაბალი სტანდარტის საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. ეს კი ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ზრდის. ასევე, საკითხებს შორის იყო პირველად ჯანდაცვასა და სხვა ძირითად სერვისებზე არსებული დაბალი ხელმისაწვდომობა, შეზღუდული წვდომა ინტერნეტსა და მობილურ კავშირზე, ზოგადად, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური ვითარება დევნილთა თემში.

2020 წლის ღია კარის დღეზე გამოთქმული რეკომენდაციების შესაბამისად, 18 თებერვალს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გაეროს მუდმივი წარმომადგნელის ოფისსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასთან (UNHCR) თანამშრომლობით, გამართა შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, ღია დისკუსია გაემართათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები, ასევე, დაფინანსების ნაკლებობა და ის შესაძლებლობები, რომლებითაც გაეროს სისტემასა და განვითარებაზე მომუშავე სხვა პარტნიორებს საქართველოს მთავრობის დახმარება შეუძლიათ, რათა უმძიმესი პირობების მქონე კოლექტიურ ცენტრებში დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით გამოსავალი მოიძებნოს.

ღონისძიება გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ქალბატონმა საბინე მახლმა გახსნა და აღნიშნა, რომ ”დღევანდელი შეხვედრა საქართველოში დევნილთა განსახლების გადაუდებელ საჭიროებებზე დიალოგის დაწყებასა და კოლექტიური ცენტრების სწრაფი დახურვის გზების გამოძებნას ემსახურება.”

როგორც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რათა გრძელვადიანი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს ყველა დევნილი და დანგრევის პირას მყოფი 36 კოლექტიური ცენტრის დახურვა უკვე მოხერხდა, „ყველა კოლექტიური ცენტრის დახურვა მოკლე დროში, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნება“.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას სამინისტროსთან არსებული განვითარების პარტნიორების ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, სადაც ინფორმაციის გაზიარება მოხდება და კოორდინაცია გაეწევა შესაბამის ინტერვენციებს საქართველოში დევნილთა დაუყოვნებლივ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.