ანა პელაეს ნარვაესი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მონაწილეობის გარეშე მათ შესახებ არაფერი უნდა კეთდებოდეს“

თარიღი:

ანა პელაეს ნარვაესისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებადამცველების ონლაინშეხვედრა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ანა პელაეს ნარვაესისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების უფლებადამცველების ონლაინშეხვედრა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების (შემდგომში შშმ ქალები და გოგოები) გაძლიერებას.

3 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) სამდივნოსა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „ქალი და რეალობა“ ერთად, CEDAW-ს კომიტეტის წევრებთან - ანა პელაეს ნარვაესსა და ლიკა ნადარაიასთან ონლაინშეხვედრა გამართა. შეხვედრა, რომლის თემას შშმ ქალების მიერ ქალთა უფლებების დაცვის აქტივიზმში მონაწილეობა წარმოადგენდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღეს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე აღინიშნება.

2018 წელს ანა პელაეს ნარვაესმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ქალთა გაძლიერების მოძრაობებში ისტორიულ ცვლილებას ჩაუყარა საფუძველი. ის პირველი შშმ ქალი გახდა, რომელიც კომიტეტის 37-წლიანი არსებობის განმავლობაში CEDAW-ს წევრად აირჩიეს. ანა პელაეს ნარვაესმა და საქართველოში მომუშავე შშმ ქალთა უფლებადამცველებმა შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების ადვოკატირების გლობალური თუ ადგილობრივი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. მათ იმ ძირითადი მიდგომების შესახებაც იმსჯელეს, რომლებიც „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“ (CRPD) და „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის“ (CEDAW) განხორციელების პროცესში არსებობს. ანა პელაეს ნარვაესმა მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში შშმ ქალების უფლებების მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას.

შეხვედრას ქალთა საკითხებსა და შშმ ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმის წევრები ესწრებოდნენ. პლატფორმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლის შემოდგომაზე შეიქმნა.

„მსოფლიოში 600 მილიონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი და გოგოა, მაგრამ მათ ინტერესებს ძალიან ცოტა ორგანიზაცია წარმოადგენს. ამასთან, შშმ პირთა უფლებადამცველი ბევრი ორგანიზაცია კონკრეტულად შშმ ქალთა უფლებებზე არ მუშაობს, შშმ ქალების უფლებებისა და ინტერესების საკუთარ საქმიანობაში ასახვას ვერ ახერხებს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დიდი ნაწილიც“ ,- აღნიშნა ანა პელაეს ნარვაესმა. „მთავრობებმა, ასევე, განვითარებაზე მომუშავე და ქალთა ორგანიზაციებმა შშმ ქალების უფლებები ადამიანის უფლებების დღის წესრიგში უნდა შეიტანონ. უფრო მეტიც, აუცილებელია შშმ ქალების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე. შშმ ქალების მონაწილეობის გარეშე მათ შესახებ არაფერი უნდა კეთდებოდეს“, - დასძინა მან.

„არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“ მიდგომის დანერგვის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი შშმ ქალების უფლებადამცველი აქტივისტებისა და ორგანიზაციების გაძლიერებაზე, მათი შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობს. ამას გარდა, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ, რათა დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირები შშმ ქალების ორგანიზაციებსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობენ“,- აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში თამარ საბედაშვილმა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის დაფინანსებით გაეროს ექვსი სააგენტო - გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს.