იმოქმედეთ: 10 ხერხი, რომლითაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში თქვენი წვლილის შეტანა პანდემიის დროსაც შეგიძლიათ

თარიღი:

თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე Medium.com/@UN_Women

Illustration - women take action

2020 წელს COVID-19-მა ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია: ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყნები დაიკეტა და გადაადგილება შეიზღუდა. იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რიცხვი გაიზარდა.

ქალთა მიმართ ძალადობის პანდემია ახალი არ არის. COVID-19-მდე, გასულ წელს, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა მსოფლიოში 243 მილიონმა ქალმა და გოგომ გამოსცადა. ვირუსის გავრცელებამ კი ეს პრობლემა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა, რადგან მხარდამჭერი სერვისების მიწოდება შეფერხდა და დახმარების მიღება გართულდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში (25 ნოემბერი-10 დეკემბერი), გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით უკეთესად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება.

ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება ყველას ეხება.

გთავაზობთ ათ ხერხს, თუ როგორ შეგიძლიათ მდგომარეობის უსაფრთხოდ და ეფექტიანად შეცვლა.

1. მოუსმინეთ და დაუჯერეთ ძალადობაგამოვლილებს

Believe survivors

როდესაც ქალი საკუთარ ამბავს გიყვებათ, გაითვალისწინეთ, რომ ის ძალადობის წრის გარღვევისკენ პირველ ნაბიჯს დგამს.

ასეთ დროს მას თითოეულმა ჩვენგანმა უსაფრთხო სივრცე უნდა შევუქმნათ, რათა მან გაბედულად ილაპარაკოს და საკუთარი ხმა გაგვაგონოს.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევების განხილვისას არარელევანტურია ყურადღების გამახვილება მსხვერპლის სიფხიზლეზე, ჩაცმულობასა და სექსუალობაზე.

კრიტიკის ერთადერთი სამიზნე მოძალადეა და პასუხისმგებლობაც მხოლოდ მან უნდა აიღოს. შეეწინააღმდეგეთ, როცა მსხვერპლის დადანაშაულებას დაიწყებენ და დაუპირისპირდით მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქალები თავად უნდა მოერიდონ ისეთ სიტუაციებს, რაც, ტრადიციული სტანდარტების მიხედვით, შეიძლება „სახიფათო“ იყოს.

ძალადობაგამოვლილი პირები ახლა უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე ოდესმე, ამიტომ ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, რათა მათ სამართალს მიაღწიონ.

არასდროს თქვათ ქალის შესახებ: „რატომ არ წამოვიდა?“

უთხარით მას: „ჩვენ გისმენთ. ჩვენ გვჯერა შენი. ჩვენ შენთან ვართ.“

2. ასწავლეთ მომავალ თაობას და ისწავლეთ მათგან

მაგალითები, რომლებსაც მომდევნო თაობას ვაძლევთ, გენდერის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების შესახებ მათ აზროვნებას აყალიბებს. თავიდანვე ესაუბრეთ ახალგაზრდებს გენდერული როლების შესახებ და კრიტიკულად შეაფასეთ ქალებისა და კაცებისთვის ტრადიციულად განსაზღვრული ნიშნები თუ მახასიათებლები. გამოავლინეთ სტერეოტიპები, რომლებსაც ბავშვები მუდმივად აწყდებიან, მედიაში, ქუჩასა თუ სკოლაში და უთხარით, რომ განსხვავებულობა პრობლემა არ არის. წაახალისეთ მათში მიმღებლობა.

ბიჭებსა და გოგოებს თანხმობაზე, სხეულის ავტონომიასა და პასუხისმგებლობაზე ესაუბრეთ. მოუსმინეთ მათ შეხედულებებსა და აღქმებს სამყაროს შესახებ. ინფორმაციის მიწოდებით ახალგაზრდა აქტივისტების გაძლიერება და ქალთა უფლებების შესახებ მათი განათლება უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს.

3. მოითხოვეთ მიზნობრივი რეაგირება და მომსახურებები

Services for survivors of violence

სერვისები, რომლებიც ძალადობაგამოვლილი პირებისთვისაა განკუთვნილი, აუცილებელი სერვისებია.

იმ პირებისთვის, ვინც გენდერული ძალადობა განიცადეს, თავშესაფრები, ცხელი ხაზები, ფსიქოლოგიური დახმარება და ყველანაირი მხარდაჭერა პანდემიის დროსაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

16-დღიანი კამპანიის დროს ყოველწლიურად ისმის მოწოდება ერთიანი გლობალური ქმედებისკენ, რომლის მიზანიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრაა. წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, ოთხ მნიშვნელოვან ქმედებას ითხოვს, რომლებიც კამპანიის თემატიკის მიხედვითაა შერჩეული: დაფინანსება, რეაგირება, პრევენცია და შეგროვება.

შემოგვიერთდით, რათა მთავრობებს მოვუწოდოთ, რომ შეავსონ ის ნაპრალი, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დაფინანსებაში არსებობს, შეინარჩუნონ აუცილებელი სერვისები ძალადობაგამოვლილი პირებისთვის კრიზისის დროს, მიიღონ პრევენციული ზომები და ინვესტიცია ჩადონ იმ მონაცემების შეგროვებაში, რომლებიც ქალებისა და გოგოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ადაპტაციისა და გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი.

4. თანხმობის გაგება

აუცილებელია, რომ თანხმობა ყველა ჯერზე გაცნობიერებული და თავისუფალი იყოს.

დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილის მხრიდან გაცნობიერებული „დიახ“ არსებობს. დაამკვიდრეთ ამგვარი თანხმობა თქვენს ცხოვრებაში და ისაუბრეთ მასზე.

ფრაზები, როგორებიცაა „ის გოგო თვითონ ითხოვდა ამას“, ან „ბიჭები სულ ბიჭებად დარჩებიან“, ემსახურება მიზანს, რომ სქესობრივ კავშირზე თანხმობასთან დაკავშირებული გამყოფი ხაზი ბუნდოვანი გახადოს, მსხვერპლები დაადანაშაულოს და მოძალადეები გაამართლოს.

ადამიანებს, რომლებიც ამ ფრაზებს იყენებენ, შეიძლება, თანხმობა არასწორად ესმოდეთ, თუმცა მისი განმარტება ნათელია. როდესაც საქმე თანხმობას ეხება, აქ ბუნდოვანი ხაზები არ არსებობს.

გაიგეთ უფრო მეტი თანხმობის შესახებ>

5. გაიგეთ მეტი ძალადობის ნიშნებისა და დახმარების სერვისების შესახებ

არსებობს ძალადობის მრავალი ფორმა და თითოეულ მათგანს სერიოზული ფიზიკური და ემოციური ეფექტები შეიძლება ჰქონდეს. თუ თქვენ გაწუხებთ მეგობრის მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა, ძალადობას განიცდიდეს ან სხვა ადამიანის გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდეს, გადახედეთ ამ ნიშნებს და გაიგეთ მეტი, თუ როგორ დაეხმაროთ მას უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მოძიებაში.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ვინმე ძალადობს, შეგიძლიათ, დახმარება ითხოვოთ. თქვენ მარტო არ ხართ. თუ გსურთ კვალიფიციურ სპეციალისტს გაესაუბროთ, ჩვენი რესურსების ეს ნუსხა დაგეხმარებათ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევიმუშავეთ.

6. დაიწყეთ საუბარი

Speak out

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად არსებობდა.

ის ფართოდ გავრცელებულია, თუმცა თუ დუმილს დავარღვევთ, მის თავიდან აცილებას შევძლებთ.

მაგალითად, შეგიძლიათ, სოციალურ მედიაში თქვენს პროფილს 16-დღიანი კამპანიის განმავლობაში ნარინჯისფერი ფილტრი მოარგოთ და ამგვარად ძალადობაგამოვლილი პირების მიმართ თქვენი სოლიდარობა სხვებსაც აჩვენოთ, წარმოაჩინოთ, როგორ იბრძვით ქალთა უფლებების დასაცავად. ფეისბუქისა და ტვიტერისთვის ბანერების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.

შესაძლებელია, ინსტაგრამზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფილტრი შეარჩიოთ, ინფორმაცია გაავრცელოთ და თქვენი მეგობრები იგივე მოქმედებისკენ წაახალისოთ.

გამოიყენეთ ჰეშთეგები #orangetheworld, #16Days და #GenerationEquality, ან გააზიარეთ მასალა ჩვენი სოციალური მედიის პაკეტიდან.

7. შეეწინააღმდეგეთ გაუპატიურების კულტურას

გაუპატიურების კულტურა არის სოციალური გარემო, რომელშიც სექსუალური ძალადობა ნორმად მიჩნეული და გამართლებულია. ამგვარ დამოკიდებულებას მუდმივი გენდერული უთანასწორობა და გენდერული თუ სექსუალური საკითხების მიმართ არასწორი მიდგომები განაპირობებს. გაუპატიურების კულტურისთვის სახელის დარქმევა პირველი ნაბიჯია მის დასანგრევად.

ჩვენ ყოველდღე შეგვიძლია გავაცნობიეროთ საკუთარი ქცევები და წარმოდგენები იმ შეხედულებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაუპატიურების კულტურას ასაზრდოებს. დაფიქრდით, თუ როგორ განსაზღვრავთ კაცურობასა და ქალურობას, როგორ ზეგავლენას ახდენს თქვენზე საკუთარი მიკერძოებული მიდგომები და სტერეოტიპები.

გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებებითა თუ იმ პოლიტიკებით, რომლებსაც მხარს ვუჭერთ, ყველას შეგვიძლია გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ მოქმედება.

გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ გაუპატიურების კულტურას>

8. დააფინანსეთ ქალთა ორგანიზაციები

დააფინანსეთ ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობენ, მხარდაჭერა გაუწიეთ ძალადობაგამოვლილ პირებს და ხელი შეუწყვეთ ყველა სახის გენდერული იდენტობისა და სექსუალობის მიმღებლობას.

ჩვენ ბევრ ქალთა ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რათა აღმოვფხვრათ ქალთა მიმართ ძალადობა, დავეხმაროთ ძალადობაგამოვლილ პირებს და უზრუნველვყოთ თანაბარი უფლებები ქალებისა და გოგოებისთვის. გაეცით შემოწირულობა ამ ბმულის მეშვეობით: https://donate.unwomen.org/en.

9. იყავით ანგარიშვალდებულები ერთმანეთის მიმართ

You are not alone

ძალადობას ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს, მათ შორისაა სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეებში.

ხმამაღლა დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, როცა გახდებით ფრაზების მიძახების, შეუფერებელი სექსუალური შინაარსის კომენტარებისა და სექსისტური ხუმრობების შემსწრე. თქვით, რომ ამგვარი ქცევა მიუღებელია.

შექმენით უფრო უსაფრთხო გარემო ყველასთვის. მოუწოდეთ სხვებსაც საკუთარი ქცევის გააზრებისა და პოზიციის გამოხატვისკენ. მოითხოვეთ დახმარება, თუ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ.

როგორც ყოველთვის, მოუსმინეთ ძალადობაგამოვლილებს და დარწმუნდით, რომ ისინი საჭირო მხარდაჭერას იღებენ.


10. შეისწავლეთ მონაცემები და მოითხოვეთ უფრო მეტი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, თავად საკითხიც კარგად უნდა გვესმოდეს.

წარმატებული პრევენციული ზომების განხორციელებისა და ძალადობაგამოვლილი პირებისთვის ადეკვატური დახმარების გასაწევად შესაბამისი მონაცემების შეგროვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როცა COVID-19-ის დროს გენდერული ძალადობის მაჩვენებელი ძალიან გაიზარდა, გენდერულად მგრძნობიარე მონაცემების შეგროვების მხრივ არსებული ხარვეზები კიდევ უფრო ცხადი გახდა. მოუწოდეთ თქვენს მთავრობას, რომ გენდერული ძალადობის შესახებ მონაცემთა შეგროვებაში ინვესტიცია ჩადონ.

იხილეთ ბმული https://data.unwomen.org/ რათა გაეცნოთ, თუ როგორ მუშაობს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რათა რადიკალურად შეიცვალოს მიდგომა გენდერული სტატისტიკის გამოყენების, შემუშავებისა და პოპულარიზაციის მიმართ.