გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს საჯარო უწყებებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკას
თარიღი:
გლობალური პრაქტიკა ადასტურებს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის პროცესში დამსაქმებლების მკაფიო პოლიტიკას, რომელიც მსხვერპლისა თუ ძალადობაგამოვლილი ადამიანების ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია. მით უფრო მაშინ, როცა დამსაქმებელი საჯარო სექტორია, რადგან მის გენდერულად მგრძნობიარე მიდგომას სხვა სექტორის ორგანიზაციებისთვისაც მამოტივირებელი მაგალითის ძალა აქვს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც უწყებამ 2023 წლის სექტემბერში დაამტკიცა. დოკუმენტი ბიუროში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების ეფექტიანი მხარდაჭერის საკითხებს აწესრიგებს. მასში დეტალურადაა გაწერილი დამსაქმებლის მოვალეობები როგორც ძალადობის შემთხვევების შეტყობინების, ისე დასაქმებულთა უსაფრთხოების გეგმის შემუშავების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა, გულისხმობდეს დამატებით ანაზღაურებად შვებულებას, დისტანციურ გრაფიკზე გადაყვანას, პრევენციული ზომების, მაგალითად, ოჯახში ძალადობის შესახებ რეგულარული ტრენინგების ჩატარებას და ა.შ.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქციის ეფექტიანობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ანალოგიური დოკუმენტის სხვა საჯარო უწყებებში შემუშავება-დანერგვასაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ტრენინგი, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ტრენერებისა და სხვა საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებისთვის 18-19 აპრილს ჩატარდა.
ტრენინგის მიმდინარეობისას 20-ზე მეტი მონაწილე დეტალურად გაეცნო არა მარტო საჯარო სამსახურის ბიუროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, არამედ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და დაცვის პოლიტიკის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. ამავდროულად, დამსწრეებმა გაიღრმავეს ცოდნა თავად პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებაც, რაც დაეხმარება მათ, აქტიური ადვოკატირება გაუწიონ საკუთარ უწყებებში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.
„ტრენინგი კარგი შესაძლებლობა იყო, კიდევ ერთხელ მოგვესმინა ოჯახში ძალადობის ფორმების შესახებ, გვესაუბრა რეაგირების საშუალებებზე. ადამიანური რესურსების მართვის პერსპექტივიდან შევხედეთ, თუ რა შეუძლია ორგანიზაციას ძალადობის მსხვერპლის ან ძალადობაგამოვლილის მხარდასაჭერად, როგორი იქნება ეს მხარდაჭერა როგორც უფლებამოსილების, ისე საჭირო ცოდნისა და უნარების თვალსაზრისით. სასიამოვნო იყო საჯარო უწყებების მზაობა, ჩაერთონ მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავების პროცესში“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების დანერგვის კუთხით საჯარო სექტორთან თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.
ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.