საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა ამოქმედდა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით, საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა. იგი სპეციალური GPS სისტემის მეშვეობით განხორციელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, მოძალადის გადაადგილება მუდმივად აკონტროლოს, საჭიროების შემთხვევაში კი, ძალადობის განმეორების პრევენცია მოახდინოს.
სისტემა, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა უფრო ეფექტიანი გახადა და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით დაინერგა. სისტემის მხარდასაჭერად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამინისტროს 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა. მის ამოქმედებამდე კი, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა, ძალაში კი ისინი პირველი სექტემბრიდან შევიდა.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის ასამაღლებლად დამატებითი მექანიზმები შეიქმნა. კანონის თანახმად, თუ ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე არსებობს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება, რომლის დახმარებითაც მის მიერ მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების აკრძალვა რეალურ დროში გაკონტროლდება. მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 უზრუნველყოფს.
„GPS მონიტორინგით მოძალადის მსხვერპლთან მიახლოებისას კონტროლის რეალურ დროში განხორციელების საშუალება იქმნება, რაც დამატებითი შესაძლებლობაა დროული რეაგირება მოვახდინოთ მსხვერპლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად დაგანმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემის მასშტაბურობის, ასევე, ფემიციდის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იგი აქცენტს აღსრულების ეფექტიანობაზეც აკეთებს: „აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანომ ეფექტიანი ღონისძიებები გაატაროს აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვისთვის, როგორც მისი გამოყენების საჭიროების დადგენის, ისე ზედამხედველობის მიმართულებით“, - აცხადებს ეკატერინე სხილაძე.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი იმედოვნებს, რომ ამ მექანიზმის დანერგვის შედეგად საგრძნობლად იკლებს ქალთა მიმართ ძალადობის მძიმე ფორმების რიცხვი, განსაკუთრებით კი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის შემთხვევები.
მოძალადისთვის დაკისრებული შეზღუდვების შესრულება სავალდებულოა. მის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს.