საქართველოში სოციალური დაცვის ინკლუზიურ სისტემას განიხილავენ

თარიღი:

Development Pathways-ის წარმომადგენელი, სოციალური პოლიტიკის უფროსი სპეციალისტი და ანგარიშის მთავარი ავტორი შეია მაკლაჰლანი სოციალური დაცვის ინკლუზიურ სისტემაზე საუბრობს. ფოტო: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
Development Pathways-ის წარმომადგენელი, სოციალური პოლიტიკის უფროსი სპეციალისტი და ანგარიშის მთავარი ავტორი შეია მაკლაჰლანი საქართველოში სოციალური დაცვის ინკლუზიურ სისტემაზე საუბრობს. ფოტო: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, სოციალური დაცვის ერთობლივი შეფასების შესახებ ონლაინსემინარი ჩაატარა. სემინარზე ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყანაში სოციალური დაცვის ამჟამად არსებული სისტემის შეფასების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და მისი შედეგებიც განიხილეს. სემინარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა საბჭოს, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სოციალური დაცვის დონეების ახალი, ერთობლივი შეფასების სიღრმისეული მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1952 წლის 102-ე კონვენციასთან მიმართებაში. ამას გარდა, ანალიზმა შეისწავლა დედობის დაცვასთან დაკავშირებული (C183) ის სტანდარტები, რომლებიც 2000 წლის 183-ე კონვენციითაა გათვალისწინებული.

“საქართველოში სისტემა შედარებით კარგად მუშაობს, განსაკუთრებით ასაკობრივი პენსიის თვალსაზრისით. თუმცა, სოციალური დაცვის უზრუნველყოფის კუთხით არსებული პრობლემური საკითხები, მაგალითად, ბავშვებისა და სამუშაო ასაკის ადამიანებისთვის ჯერაც მოუგვარებელია. ამჟამინდელმა კრიზისმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიციის გახორციელება სოციალური დაცვის სისტემაში, რომელიც ინკლუზიურია და მთელი ცხოვრების განმავლობაში [...] უკეთესად დაიცავს საქართველოში მცხოვრებ დასაქმებულებსა და ოჯახებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მთავარ ძალას წარმოადგენენ“, - აღნიშნა Development Pathways-ის წარმომადგენელმა, სოციალური პოლიტიკის უფროსმა სპეციალისტმა და ანგარიშის მთავარმა ავტორმა, შეია მაკლაჰლანმა.

სოციალური დაცვის ერთობლივი შეფასება მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას ითვალისწინებს და სოციალური დაცვის სისტემის დიაგნოსტირებას სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეტაპის გათვალისწინებით გვთავაზობს. სოციალური დაცვის სიცოცხლის ციკლის მიდგომის თანახმად, შემწეობის მიღების უფლება ინდივიდებს აქვთ და - არა შინამეურნეობებს. პრიორიტეტი ენიჭება თითოეული ადამიანის დაცვას სიცოცხლის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევების წინაშე. ამას გარდა, ეს მიდგომა სიღარიბესთან ბრძოლისა და მისი პრევენციის ეფექტიან სტრატეგიად მიიჩნევა. ანალიზი ადასტურებს, რომ ცხოვრების ყველა ეტაპისთვის უნივერსალურად შემუშავებული შემწეობები უფრო მეტ მოწყვლად ადამიანს ფარავს, ვიდრე ე.წ “სიღარიბის დაძლევის” სქემები.

ამასთან, სიცოცხლის ციკლის მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მოწყვლადი ჯგუფების მედეგობა ისეთი შოკების მიმართ გავზარდოთ, როგორიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია. თავად ეს კრიზისი საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გაამახვილოს სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და მათ გადასაწყვეტად პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტი განიხილოს. ამგვარად, წარმოდგენილ კვლევას წვლილი შეაქვს ქვეყანაში უფრო ინკლუზიური და ეფექტიანი სოციალური დაცვის სისტემის ამოქმედებაში.

კვლევა მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის “ინკლუზიური შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მიერ. პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მიმდინარეობს.