ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებები საქართველოში - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა კვლევა წარადგინეს

თარიღი: ხუთშაბათი, 17 ივნისი, 2021 წელი

საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში ოჯახში დასაქმებულების - ძიძების, მომვლელების, დამხმარეების და ა.შ 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა. ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. ხელშეკრულების არარსებობა კრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს.

კვლევის ეს შედეგები, სხვა მონაცემებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 17 ივნისს, ონლაინშეხვედრაზე წარადგინეს, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კვლევის მიხედვით, ოჯახში დასაქმებულთა 99%-ს ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის. ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ფორმალურად დასაქმებულებისთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

კვლევამ ოჯახში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეგულირების სავარაუდო ზეგავლენა და პერსპექტივებიც შეისწავლა. საბოლოოდ, მისმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, რათა საქართველო შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენციას ოჯახში დასაქმებულების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ყველასთვის ღირსეულ შრომასა და ოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება. 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასქმებულთა უფლებების დასაცავად.

"დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმ ჭრილში, რომ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭო, პარტნიორებთან ერთად, ქალთა არაფორმალურ სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევაზე მუშაობს, წარმოდგენილი მასალა კი ძალიან დაეხმარება მოკვლევის პროცესს“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, პარლამენტარმა, ხატია წილოსანმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალთა არაფორმალური შრომის, კერძოდ, ოჯახში დასაქმებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, კონვენციის რატიფიცირებისა ადვოკატირებასა და შესაბამისი რეკომენდაციების განხორციელების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების ფონდის (ADC) დაფინანსებით ჩატარდა.