სომხეთში სოციალური დაცვის სისტემის შეფასებაზე მუშაობა დაიწყო

თარიღი:

ძირითადი რისკები ცხოვრების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. ფოტო: Development Pathways
ძირითადი რისკები ცხოვრების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. ფოტო: Development Pathways

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სომხეთში სოციალური დაცვის სისტემის შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებსა და სოციალურ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული სოციალური დაცვის მინიმალური ზღვრების შეფასების პირველადი მიგნებები წარედგინათ. შეფასება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Development Pathways-ისა და ადგილობრივი პარტნიორის, „კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრი-სომხეთის“ (CRRC-Armenia) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას სომხეთის შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეროვნული სტატისტიკის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა შეფასების პირველადი მიგნებები განიხილეს, რამაც კვლევის პროცესში მათი ჩართულობა განაპირობა.

სემინარს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროექტის ანალიტიკოსი ნინო გაჩეჩილაძე, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) სოციალური დაცვის სპეციალისტი ჯასმინა პაპა და საერთაშორისო კონსულტანტი ბეტინა რამირეზ ლოპეზი უძღვებოდნენ.

სოციალური დაცვის სისტემის შეფასება სომხეთში ცხოვრების ციკლის მიდგომისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე, სოციალური უსაფრთხოების სტანდარტებსა და კონვენციებთან შესაბამისობაში განხორციელდება. განსაკუთრებით საგულისხმოა „საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) სოციალური დაცვის ზღვრების რეკომენდაცია“ #202 (2012); და „სოციალური უსაფრთხოების („მინიმალური სტანდარტები“) კონვენცია“ #102 (1952).

ინიციატივა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრობლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.