ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი - სახალხო დამცველმა 5-წლიანი ანგარიში წარადგინა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის პრევენციისა და მონიტორინგის თემაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ონლაინკონფერენცია გამართა. ღონისძიებაზე განხილული იყო ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2014-2018 წლებში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით მართლმსაჯულების პოლიტიკის ძირითად ტენდენციებს, მიღწევებსა და გამოწვევებს ასახავს.
ანგარიშში 2014-2018 წლებში საქართველოში ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის 83 შემთხვევაა გაანალიზებული. ამ ანალიზის მიხედვით, ქვეყანაში ქალთა მკვლელობების პრევენცია კვლავაც პრობლემად რჩება. 5-წლიან პერიოდში ფემიციდის რიცხვი მკვეთრად არ შემცირებულა, ფემიციდის მცდელობების რაოდენობა კი გაზრდილია. ამას გარდა, ანგარიში ცხადყოფს, რომ აღნიშნულ დანაშაულს ყველაზე ხშირად ქმრები ან პარტნიორები, ყოფილი ქმრები ან ყოფილი პარტნიორები ჩადიან.
კვლავაც გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტის არარსებობა და ფემიციდისა თუ ფემიციდის მცდელობის საქმეებზე გენდერული მოტივის გამოკვეთა. ამავდროულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ გაუმჯობესებულია გამოძიების ეტაპზე ფემიციდამდე და ფემიციდის მცდელობამდე ძალადობის წინაისტორიის შესწავლა. 2018 წლიდან კი ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეებში საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა და არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელების დაკისრება აღარ იკვეთება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმები დაიხვეწა და განვითარდა, 2020 წლის 1 იანვრიდან მომხდარი 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ხუთი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავი უწყების ჩართულობას გულისხმობს, არ არის ეფექტიანი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ესწრებოდნენ.
ფემიციდის მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანი პრობლემის რეალური მასშტაბის, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებული ხარვეზების შეფასებაა.