სახალხო დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართეს

თარიღი:

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფემიციდის პრევენციისა და მონიტორინგის შესახებ ონლაინკონფერენციას ესწრება. ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველი ფემიციდის პრევენციისა და მონიტორინგის შესახებ ონლაინკონფერენციას ესწრება. ფოტო: სახალხო დამცველი აპარატი

საქართველოსთვის ფემიციდი კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ამ პრობლემასთან მიმართებაში ისევ იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.

სწორედ ამ და სხვა პრობლემებზე იმსჯელეს მონაწილეებმა 24 ნოემბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩაატარა. ღონისძიება მიზნად ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის იმ პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.

„საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის რეკომენდაციით შექმნა. 2016 წლიდან მოყოლებული უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით, რომელთა ნაწილი შესრულდა“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიამ.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელმაც ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები მიმოიხილა. ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

„ფემიციდის სამიზნეები არიან ქალები, ხოლო მოძალადეები კაცები, ამგვარი მკვლელობები, პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მხრიდან ხდება და ოჯახში ხანგრძლივი ძალადობის შედეგია... ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდან ავიცილოთ ეს საშინელი დანაშაული. როგორც კაცმა, მინდა აღვნიშნო, რომ გენდერული თანაწორობის მიღწევა მხოლოდ ქალთა მისაღწევი ამოცანა არ არის, გენდერული ძალადობისა და ფემიციდის დასრულება მხოლოდ ქალთა პრობლემა არ არის, ეს ყველას ერთობლივი წუხილია“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

ფემიციდის მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.