საქართველოში ქალთა უფლებადამცველები ფემიციდზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას მოითხოვენ
თარიღი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის პეტიციას, რომელიც გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობებთან დაკავშირებით უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამდენად, პარლამენტს შეუძლია დაიწყოს განხილვები, რომელთა შედეგადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება შესაძლებელი.
პეტიცია, რომელსაც ხელი 1000-ზე მეტმა მხარდამჭერმა მოაწერა, გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობებზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამასთან, პეტიცია მოითხოვს, რომ ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პრეზიდენტმა შეწყალების უფლებამოსილება არ გამოიყენოს.
2014 წელი გადრამტეხი წელი იყო: ქალთა განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობა პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ იყო ჩადენილი, დუმილი დაირღვა. ფემიციდის უპრეცედენტო მაჩვენებლის გამო კი, საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი „ქალთა წლად“ გამოაცხადა.
ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი 2016 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შედეგად გამოქვეყნებულ ანგარიშში აღიშნავს, რომ საქართველომ, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებმა, ფემიციდის ან ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგის ის მექანიზმი უნდა შექმნას, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს ყოველწლიურად შეაგროვებს და გამოაქვეყნებს. ამას გარდა, ხარვეზების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისმა ორგანომ თითოეული შემთხვევის ანალიზი უნდა განახორციელოს, რათა ფემიციდის პრევენციის ღონისძიებები გაუმჯობესდეს.
2017 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი აპარატი ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგისთვის მზადაა. 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგის წინასწარი მონაცემები წარმოადგინა, რაც 2016 წელს ჩადენილი 6 ფემიციდისა და ფემიციდის 4 მცდელობის ანალიზს მოიცავდა. ანალიზმა აჩვენა, თუ სად იკვეთება ხარვეზები ფემიციდთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების პროცესში, რაც მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლადაა აუცილებელი. ამას გარდა, სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვა ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სისტემის გაუმჯობესება და სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის, როგორც ცალკე მუხლის გამოყოფა, რათა ფემიციდის სწორი კვალიფიკაცია და პროპორციული სასჯელების შეფარდება მოხდეს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის სრული ანგარიში და რეკომენდაციები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2018 წლის ივნისში უნდა გახდეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირისა ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საჭირო მექანიზმების, ასევე სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოების გასაუმჯობესებლად მუშაობს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევს გენდერული ნიშნით ჩადენილი გაზრახ მკვლელობის კონცეფციის საკანონმდებლო დონეზე შემუშავებას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფემიციდთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც 2018 წლის ზაფხულში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.