საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდის პრევენციის მექანიზმის შედეგები წარადგინა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ქალთა გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობების - ფემიციდის მონიტორინგის ხუთწლიანი შედეგები წარადგინა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობების - ფემიციდის მონიტორინგის ხუთწლიანი შედეგები წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობების - ფემიციდის მონიტორინგის ხუთწლიანი შედეგები წარადგინა; ფოტო: საქართველოს სახალხო დამცველი

ღონისძიებაზე დისკუსია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მართლმსაჯულების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრმა ბილიანა ბრანკოვიჩმა ფემიციდის პრევენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ფემიციდი, როგორც ქალის მიმართ ძალადობის ფორმა, ადამიანის უსაფრთხოების გამოწვევაა. გაეროს სტატისტიკის მიხედვით, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობები „წარმოადგენს უფრო დიდ საფრთხეს ადამიანის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე გლობალური ტერორიზმი“,- აღნიშნა ბილიანა ბრანკოვიჩმა.

გლობალური მასშტაბით ფემიციდი ქალთა ნაადრევი სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ქალები საქართველოში ამ მძიმე ტვირთის მატარებლები არიან. „აუცილებელია, სახელმწიფო მექანიზმი სათანადო გულისხმიერების პრინციპის დაცვით მოქმედებდეს, რათა ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების ჯეროვანი პრევენცია, გამოძიება და დასჯა მოხდეს“,- განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ „ფემიციდის მაჩვენებლის კლების მიუხედავად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად კომპლექსური ძალისხმევაა საჭირო.”

მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში 135 ქალის მკვლელეობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 64 შემთხვევაში ოჯახური დანაშაული გამოიკვეთა. ასევე, ამავე წლებში 69 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 46 შემთხვევაში ოჯახური ნიშნით დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი.

2019 წლის 10 თვის მონაცემებით, სულ 16 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 9 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა. ამავე პერიოდში 16 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური ნიშანი 12 შემთხვევაში გამოიკვეთა.

კონფერენციაზე 2014-2018 წლებში ქალთა გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობების პირველადი მიგნებები იყო წარმოდგენილი. კვლევის შედეგების მიხედვით, რამდენიმე განგრძობადი ხარვეზი იკვეთება, მათ შორის მონაცემთა შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის არარსებობა, ასევე ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევებში გენდერული მოტივის ჯეროვნად გამოკვეთა კვლავ არ ხდება. პოზიტიურ ტენდეციებს შორისაა ძალადობის წინარე ისტორიის გამოკვლევა, ამგვარ საქმეებში საპროცესო გარიგების არგამოყენება და პროპორციული სასჯელების მზარდი გამოყენება.

საბოლოო ანგარიში 2019 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.