ფემიციდის შემთხვევების ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა
თარიღი:
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას, რომელზეც „ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში - 2016 წელს მომხდარი ქალთა გენდერული მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების ანალიზი“ წარადგინა.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მსჯელობა ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე, 2016 წლის ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე წარიმართა. 2016 წელს მომხდარი 11 ფემიციდის შემთხვევის ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველის ოფისმა დაადგინა, რომ 11-დან 6 ქალმა ფემიციდის შემთხვევამდე პოლიციას დაცვის მოთხოვნით მიმართა. ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ დამნაშავეების უმეტესობას არ ჰქონდა საშუალოზე მაღალი განათლება და უმუშევარი იყო. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა და ის სისტემატური დისკრიმინაცია, რომელსაც მსხვერპლების დიდი ნაწილი განიცდის, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ადეკვატურად არასდროს ისახება. ეს იმ კრიტიკული მიგნებების მცირე ნაწილია, რომელზეც შესაბამისმა უწყებებმა, გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლების დაცვისა და ფემიციდის პრევენციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რეაგირება უნდა მოახდინონ.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ „მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის შეტყობინებებისა და შემაკავებელი ორდერების გაზრდილი მაჩვენებლებისა, მნიშვნელოვნი სისტემური ხარვეზები მაინც რჩება“.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ხაზი გაუსვა, რომ „მდგრადი განვითარების მიზნები ვერ იქნება მიღწეული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მის უკიდურეს ფორმაზე - ფემიციდზე - სათანადო რეაგირების გარეშე. აუცილებელია, მოხდეს არსებული სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირება და მთელი სახელმწიფო სტრუქტურის კომპლექსური მოქმედება ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობის პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით.“
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მკვეთრი პოზიცია აქვს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ და ანგარიშში წარმოდგენილ მიგნებებზე სათანადო რეაგირება მოხდება. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული საკანონმდებლო ბაზა.
ამჟამად საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ფემიციდის 2017 წელს მომხდარი შემთხვევების ანალიზზე მუშაობს. ასევე, ომბუდსმენი ფემიციდის 2012-2017 წლებში მომხდარ შემთხვევებზე კომპლექსური ანგარიშის წარდგენასაც გეგმავს.