ქალი ფერმერების სოლიდარობა COVID-19-ის დროს

თარიღი:

ნაირა პაქსაძე, ქალებთან ერთად, COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთს თოხნის, რათა მას შემოსავლის ერთადერთი წყარო შეუნარჩუნოს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ნაირა პაქსაძე
ნაირა პაქსაძე, ქალებთან ერთად, COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთს თოხნის, რათა მას შემოსავლის ერთადერთი წყარო შეუნარჩუნოს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ნაირა პაქსაძე

COVID-19-მა მსოფლიო მკვეთრად შეცვალა. განსაკუთრებით ნეგატიური ზეგავლენა კი მან ქალებზე მოახდინა. თუმცა, საკუთარი სირთულეების მიუხედავად, სოლიდარობისა და სხვებზე ზრუნვის შთამბეჭდავ მაგალითებს ხშირად სწორედ ისინი ქმნიან.

მაისის დასაწყისში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრები ქალები მთელმა საქართველომ გაიცნო. სოციალური ქსელები და მედიასაშუალებები მოიარა ადგილობრივი ნაირა პაქსაძის ამბავმა, რომელმაც სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, COVID-19-ით ინფიცირებულ მეზობელს კარტოფილის ნაკვეთი გაუთოხნა და მოსავალი შეუნარჩუნა. იმ დროს ოჯახის ყველა წევრი საავადმყოფოში მკურნალობდა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, კარტოფილი კი სარეველა ბალახით იფარებოდა.

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის, ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“? - ამბობდა ნაირა.

33 წლის ნაირა პაქსაძეს 2 შვილი ჰყავს. გასული წლის დეკემბრიდან იგი ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და თვითდახმარების ჯგუფს „სოფლის ქალები მომავლისთვის“ ხელმძღვანელობს. ნაირა აქტიურადაა ჩართული სათემო მობილიზაციის კომპონენტში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს წარმოადგენს და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება. მის ფარგლებში საქართველოში სოციალურმა მობილიზაციამ 692 ქალი მოიცვა. პროექტი მიზნად ისახავს, სამხრეთ კავკასიაში 2021 წლის ზაფხულისთვის მეწარმეობის უნარების შეძენაში 1000-ზე მეტ ქალს დაეხმაროს.

23 მარტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ამ რეგიონში მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, თუმცა საგანგებო ვითარებამ მათი პროდუქტების გაყიდვა ძალიან შეაფერხა. თავად ნაირაც, რომელსაც სალათის ფურცელი და ბროკოლი მოჰყავს, მოსავლის დისტრიბუციას ვერ ახერხებს, თუმცა ამ სირთულეს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ პანდემიის კრიზისსა და მკაცრ კარანტინში, სოციალურ მობილიზაციაში ჩართულ სხვა ქალებთან ერთად, ადგილობრივების მხარდაჭერა გაეგრძელებინა.

უპირველესად ქალებმა ყველაზე გაჭირვებული ოჯახების დახმარება გადაწყვიტეს. თვითდახმარების ჯგუფის სალაროს ფულით მათ სადეზინფექციო საშუალებები, ბოსტნეული და ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. ფონდ „ტასოს“ პროექტის მენეჯერი მაიკო გრძელიშვილი ამბობს, რომ სოციალური მობილიზაციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ კრიზისების, ამ შემთხვევაში კი COVID-19-ის რეაგირებაში ადგილობრივების ჩართვაა: „ვფიქრობ, ჩვენი მიზანიც და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგიც ეს არის - ქალების სოლიდარობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ქველმოქმედების სურვილი. ნაირა ამბობს, რომ ეს საქმე ქალებს კარგად გამოგვდის, მე კი უბრალოდ დავამატებდი: ისევე კარგად, როგორც ყველა სხვა დანარჩენი“, - აღნიშნავს მაიკო.

ქეთი თომეიშვილი საკუთარ სათბურში მუშაობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
ქეთი თომეიშვილი საკუთარ სათბურში მუშაობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

ერთმანეთის მხარდაჭერას რომ ქალებისთვის კრიზისის შედეგების შემსუბუქება შეუძლია, საკუთარი გამოცდილებიდან იცის ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა. ქეთი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში კიტრის სასათბურე მეურნეობასა და ფერმას უძღვება. ამჟამად მას 4 ადგილობრივი ქალი ჰყავს დასაქმებული, რომელთა ოჯახის წევრებიც COVID-19-მა სამუშაოს გარეშე დატოვა. ახლა თითოეულისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა. თავდაპირველად ფერმერმა თანამშრომელ ქალებს ხელფასების გაუზარდა, მერე კი კიტრის ხუთი სათბურიდან ერთი აჩუქა.

ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა. 2018 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, 50 მეწარმე ქალი შეარჩია და მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაატარა. ამასთან, ქალების ნაწილმა საქმიანობების განსავითარებლად გრანტებიც მიიღო. პროექტის დახმარებით, ქეთიმ წარმოებაც გაზარდა და სასათბურე პირობებიც გააუმჯობესა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეს პროექტები არა მარტო ხელს უწყობს ქალების სწავლებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას, არამედ შთააგონებს მათ და სხვა ქალების მიმართ თანაგანცდით ავსებს. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალებს შორის სოლიდარობის ნაკლებობაა, შეხვდნენ ნაირას, ქეთისა და კიდევ ბევრ ქალს საქართველოს სოფლებში! მათი შეჩერება არანაირ კრიზისს არ შეუძლია“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.