საქართველოში მოქმედი კომპანიები ქალებზე COVID-19-ის ზეგავლენის შესამსუბუქებლად

თარიღი: ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2020 წელი

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი
ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი "საქართველოს აუდიტორული კომპანიის" დირექტორი თეა ადუაშვილი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად; ფოტო: საქართველოს აუდიტორული კომპანია 

მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტი მონაცემი მოწმობს, რომ COVID-19 და მასზე რეაგირების ღონისძიებები კაცებსა და ქალებზე განსხვავებულად ზემოქმედებს. საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ქალთა მხარდასაჭერად ახალ ინიციატივებს გეგმავენ. ეს ინიციატივები კი ითვალისწინებს მეწარმე ქალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკაში და იმ ნეგატიურ ზეგავლენას, რომელსაც COVID-19 მოახდენს როგორც მეწარმე, ისე ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ქალებზე.

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგა, "საქართველოს აუდიტორული კომპანიაა". მან ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი 2020 წლის იანვარში მოაწერა. თებერვლის ბოლოს, როცა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა, კომპანიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მეწარმე ქალებს საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების მომსახურებას უფასოდ სთავაზობდა. მარტში ამ სერვისით 23-მა ქალმა ისარგებლა. კომპანიას სხვა გეგმებიც აქვს: „ჩვენ მზად ვართ, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, ბუღალტერიაში რამდენიმე ქალი მოვამზადოთ“, - აღნიშნავს "საქართველოს აუდიტორული კომპანიის" დირექტორი თეა ადუაშვილი.

იმერეთში მცხოვრებმა მეწარმემ, ქეთევან ზივზივაძემ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია ემბისისთვის 300 პირბადე დაამზადა
იმერეთში მცხოვრებმა მეწარმემ, ქეთევან ზივზივაძემ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანია "ემბისისთვის" 300 პირბადე დაამზადა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

პანდემიის პირობებში მეწარმე ქალთა მხარდაჭერა ფინანსური მომსახურების კომპანია „ემბისიმაც“ გადაწყვიტა. მან მეწარმე ქალისგან (რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციაც უჭერს მხარს) საკუთარი თანამშრომლებისთვის 300 პირბადე შეიძინა. „ქალი მეწარმეები ოჯახების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ და ქვეყნისა თუ ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს. ქალების გაძლიერება ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ მეწარმე ქალებს ამ მიზნის მიღწევაში“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გია პეტრიაშვილი.

ამგვარ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ COVID-19-მა ბიზნესის ქალ და კაც მფლობელებზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 2020 წლის მარტში ბიზნესის 600-ზე მეტ წარმომადგენელს შორის ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, 24%-ით უფრო სავარაუდო იყო, რომ თანამშრომლები ქალ რესპონდენტებს დაეთხოვათ.

ფინანსურის გარდა, COVID-19 ქალებზე სხვა ზემოქმედებასაც ახდენს: სხვადასხვა ქვეყანაში შეგროვებული პირველადი მონაცემები მოწმობს, რომ პანდემიის პირობებში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ კარანტინის დროს, სავარაუდოდ, საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები მოიმატებს, ტელეკომპანია „მთავარმა“, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი ახლახან მოაწერა, ეთერში ოჯახში ძალადობის შესახებ სოციალური რგოლი გაუშვა. პრაიმტაიმსა თუ სოციალურ მედიაში გავრცელებული რგოლი აუდიტორიას ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდებს და მსხვერპლებს ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

COVID-19-ის გავრცელების პირველივე ეტაპიდან გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ კომპანიებს ქალებზე COVID-19-ის ზეგავლენის შესამსუბუქებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში. აწვდის ინფორმაციას იმ განსხვავებულ გავლენებზე, რომლებსაც პანდემია ქალებსა და კაცებზე ახდენს, უზიარებს რეკომენდაციებსა თუ სხვადასხვა კომპანიის მაგალითებს და ავრცელებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელთა შორისაა ონლაინტრენინგის მასალები სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშესაწყობად.

30 აპრილს კი კერძო სექტორის 40-მდე წარმომადგენელმა ონლაინშეხვედრა გამართა და ერთმანეთს საკუთარი მიღწევებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. აღნიშნულია საქმიანობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი მოქმედება საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.