ქალების საჭიროებებსა და ლიდერობაზე ყურადღების გამახვილება COVID-19-ზე რეაგირებას გააძლიერებს

თარიღი:

მიმდინარე წლის მარტი. ნიუ-იორკის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალი ნიღაბს ატარებს. COVID-19-ისგან დაცვის მიზნით, იგივეს ახლა ბევრი ადამიანი აკეთებს. ფოტო: გაერო/ლოუი ფელიპი
მიმდინარე წლის მარტი. ნიუ-იორკის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალი ნიღაბს ატარებს. COVID-19-ისგან დაცვის მიზნით, იგივეს ახლა ბევრი ადამიანი აკეთებს. ფოტო: გაერო/ლოუი ფელიპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ერთი კვირის წინ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა, რის შემდეგაც დაავადების შესაჩერებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადამჭრელი ზომების მიღება დაიწყეს, თუმცა, სოციალური თვალსაზრისით, ახალი კორონავირუსი ქალებს უკვე მძიმე დარტყმას აყენებს.

გლობალურად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულთა 70% ქალია. ისინი, სამჯერ მეტ არაანაზღაურებად საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე -კაცები.

„ჯანდაცვაში მომუშავეთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ და ისინი უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ამავდროულად, მათი უმეტესობა მშობელიცაა და ოჯახის წევრებზეც ზრუნავს. ამ ქალებს ზრუნვის ტვირთის ტარება კვლავაც უწევთ, რაც ისედაც არაპროპორციულად მძიმე იყო ჩვეულებრიც დროში, ახლა კი უფრო მნიშვნელოვან სტრესს ქმნის“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა პუმზილე მლამბო ნქგუკამ.

„ამას გარდა, ქალების უმრავლესობა არაფორმალურ ეკონომიკაშია დასაქმებული, სადაც მუდმივი შემოსავალი გარანტირებული არ არის, ჯანმრთელობის დაზღვევა კი ან არაადეკვატურია, ან დიდი ალბათობით არ არსებობს. საარსებო საშუალებებით მათ უზრუნველყოფაზე ნაკლები ძალისხმევაა მიმართული, რის გამოც ქალები ფინანსურად საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულები. ეს ბევრი მათგანისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი არ არის. ეს გენდერული თანასწორობის ყველაზე სიღრმისეულ ასპექტს ეხება“.

ბოლო პერიოდში სხვა, მაგალითად, ზიკას და ებოლას დაავადებების შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამგვარი აფეთქებების გამო, ქალებისთვის საჭირო სერვისებში არსებული რესურსები სხვაგან გადამისამართდება, თუმცა მათი ტვირთი იზრდება, შემოსავლის მომტანი საარსებო საშუალებები კი ზარალდება.

მაგალითად, როცა ჯანდაცვის სერვისები ზედმეტად გადატვირთულია, პრენატალურ თუ პოსტნატალურ ზრუნვასა და კონტრაცეპტივებზე ქალების წვდომა მცირდება. უფრო და უფრო იზრდება ეჭვი, რომ COVID-19-ის შედეგადაც იგივე მოხდება.

ამას გარდა, ჯანდაცვაში მომუშავე ქალების სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. „აზიაში ჯანდაცვის რეაგირების შედეგები აჩვენებს, რომ ამ სფეროში დასაქმებული ქალებისთვის მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტები პირველ ეტაპზე ნაკლებად იყო მიწოდებული და ისინი მათი პირადი დამცავი აღჭურვილობის ნაკრებში არ შედიოდა“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონულმა დირექტორმა მოჰამად ნასირიმ.

როცა ოჯახები წნეხის ქვეშ ექცევიან, ოჯახში ძალადობის კონტექსტში, ასევე, თვითიზოლაციისა თუ კარანტინის მოქმედების დროსაც, ძალადობის რისკი იზრდება ხოლმე. ამგვარი გამოცდილების მქონე სხვადასხვა თემიდან მიღებული ანგარიშები აჩვენებს, რომ ახლა COVID-19 იგივე ტენდენციებს წარმოშობს.

იზრდება იმ მტკიცებულებების რაოდენობაც, რომლებიც აჩვენებს, რომ COVID-19-ის ეკონომიკური ზეგავლენები ქალებს უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგანაც დაბალანაზღაურებად, არასტაბილურ და არაფორმალურ სამსახურებში უფრო მეტი ქალია დასაქმებული. შეფერხებები, მათ შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის ქალებს საარსებო სახსრები მოძიებასა და საკუთარი ოჯახების საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, როგორც ეს ებოლას კრიზისის დროს მოხდა.

„პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, რათა COVID-19-ის გენდერულად განსხვავებული ზეგავლენა გათვალისწინებული იყოს რეაგირების სტრატეგიების შემუშავებისას როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეებზე“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკის, პროგრამებისა და მთავრობათაშორისი ურთერთობების განყოფილების დირექტორმა სარა ჰენდრიკსმა.

„ეს მოიცავს დამხმარე გენდერულ ანალიზსა და სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების შეგროვებას, რათა ქალების საჭიროებები მხედველობის მიღმა არ დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობთ COVID-19-ის შესახებ მეტი მონაცემებისა და ცოდნის მიღებას. ამას გარდა, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმ პროგრამებზე, რომლებიც ამგვარი თუ მსგავსი სამომავლო დარტყმების მიმართ ქალთა ეკონომიკურ სიძლიერეს უწყობს ხელს და განაპირობებს იმ რესურსებს, რომლებიც მათ საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის სჭირდებათ“.

მაგალითად, ჩინეთში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყურადღებას ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მოძიებაზე ამახვილებს, რათა ხელი შეეწყოს ქალების მფლობელობაში არსებულ მცირე თუ საშუალო ბიზნესებს და აფეთქების შედეგად დამდგარი უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა შერბილდეს. ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა საინფორმაციო კამპანიებიც, რომლებმაც 32 მილიონი ადამიანი მოიცვა და COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებში ქალთა ლიდერობა და მათ მიერ შეტანილი წვლილი წარმოაჩინა.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, ახლა ბევრ ქვეყანაში სკოლები და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები იხურება, ამიტომ ქალები ანაზღაურებად სამუშაოში ჩართვის კუთხით დამატებით ბარიერებს აწყდებიან. გლობალურად ქალები საშუალოდ 16%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები და ხელფასებს შორის განსხვავება ზოგ ქვეყანაში 35%-საც აღწევს. ასეთი კრიზისების დროს ქალებს ხშირად უსამართლო, ზოგჯერ შეუძლებელი არჩევანის გაკეთება უწევთ. ისინი იძულებულები არიან, ბავშვების მოვლის გამო, ანაზღაურებადი სამუშაო მიატოვონ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს სხვა სააგენტოებთან, ასევე გაეროს გუნდებთან სხვადასხვა ქვეყანაში, რათა აფეთქების მიმართ კოორდინირებული რეაგირება გააძლიეროს. ის იმ ორგანიზაციების რესურსსაც იყენებს, რომელთა ხელმძღვანელებიც ქალები არიან, რათა ქალების ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდეს და მათ მეტად შეძლონ მონაწილეობის მიღება COVID-19-ისადმი მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ გადაწყვეტილების შემუშავების პროცესებში.

„კრიზისისა და რისკის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას ქალებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მარგინალიზებულ ჯგუფებისთვის ახლა კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა პაივი კაარინა კანისტომ.

„ლიბერიასა და სიერა-ლეონეში გაეროს ქალთა ორგანიზაციის თემის მობილიზების კამპანიების მთავარ აქცენტს იმ შეტყობინებების გავრცელება წარმოადგენდა, რომლებიც ებოლას პრევენციას, შემთხვევის მართვასა და სტიგმის დაძლევას ეხებოდა. ცნობიერების ამაღლების, საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებებისა და ტრენინგების მეშვეობით, პროგრამების ფარგლებში გამოყენებული იყო ადგილობრივი ქალების რესურსები, რომლებიც სხვა ქალებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით, მათ შორის რადიოსა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ესაუბრებოდნენ. შედეგად, სანდო წყაროს მიერ სიცოცხლის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა მოხდა. მიდგომამ, რომელშიც გენდერზე ფოკუსირებული რეაგირება იყო ინტეგრირებული და ადგილობრივი ქალების ქსელს ეფუძნებოდა, რეგიონში ებოლას კრიზისის წარმატებით შეჩერებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა რეკომენდაციები, რომლებშიც ქალების საჭიროებები და ლიდერობა COVID-19-ზე ეფექტური რეაგირების ძირითად ბირთვში მოაქცია:

  • ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები, მათ შორის ინფიცირების, განსხვავებული ეკონომიკური ზეგავლენებისა და ზრუნვის ტვირთის, ასევე, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის სხვადასხვა მაჩვენებელი;
  • რეაგირებაზე მომუშავე გუნდებში გენდერული ექსპერტიზის დაგროვების მიზნით, საჭიროა გენდერული განზომილებისა და გენდერული ექსპერტების ჩართვა რეაგირების გეგმებსა და საბიუჯეტო რესურსებში;
  • პრიორიტეტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმ ქალებისთვის, რომლებიც რეაგირების წინა ხაზზე მუშაობენ. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე და ზრუნვის მომსახურების მიმწოდებლებს უფრო მეტად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქალების საჭიროებებზე მორგებულ პირად დამცავ აღჭურვილობასა და მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე. ასევე, საჭიროა მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა იმ ქალებისთვის, ვისაც ზრუნვის ტვირთი აწევს;
  • ქალების ხმა თანაბრად უნდა ისმოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როცა რეაგირებისა და გრძელვადიანი ზემოქმედების დაგეგმვა ხდება;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გზავნილები მიზნობრივად უნდა იყოს მიმართული ქალებზე, მათ შორის ყველაზე მეტად მარგინალიზებულ ქალებზე;
  • შერბილების სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც კონკრეტულადაა მიმართული იმ ეკონომიკურ ზეგავლენაზე, რასაც ქალები დაავადების აფეთქების შედეგად განიცდიან, ასევე, ქალების გაძლიერება;
  • ჯანდაცვის არსებითი სერვისების დაცვა ქალებისა და გოგოებისთვის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ჩათვლით;
  • COVID-19-ით დაზარალებულ თემებში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისებზე პრიორიტეტის მინიჭება.

თემატური ბმულები: