მცირე გრანტები და გადამზადება ლტოლვილი ქალების გაძლიერებისთვის საქართველოში
თარიღი:
როცა მარიამ შარიფი მშობლიურ ირანში უნივერსიტეტში სწავლობდა, ლექტორები თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუდმივად ჰიჯაბის ტარებისკენ მიუთითებდნენ. მოგვიანებით მარიამი კამპანიას #nohijab შეუერთდა და ვიდეო გადაიღო, რომელშიც განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმებოდა მათ. ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და მას უარყოფით გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, პოლიციის მხრიდანაც.
ერთხელ კი მარიამს ჰიჯაბის გარეშე გამოჩენისთვის უცნობმა კაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქალმა ინციდენტი ჩაწერა და ჟურნალისტს გაუგზავნა, რომელმაც ის სოციალური მედიით გამოაქვეყნა. „ამ ვიდეომ ბევრი პრობლემა შემიქმნა. ჩემ მიმართ ბულინგი დაიწყო. სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. შემეშინდა როგორც საკუთარი თავის, ისე ოჯახის უსაფრთხოების გამო. [შესაბამისად] ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე“, - იხსენებს მარიამი.
31 წლის მარიამი საქართველოში თავშესაფრის საძებნელად წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ქართული ენის არცოდნის გამო სამუშაოს მოძებნა ძალიან გაუჭირდა. მოგვიანებით მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის შესახებ შეიტყო, რომელიც ლტოლვილი ქალების მხარდაჭერის მიზნით ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებდა.
შარიფი იმ 50 ქალს შორის იყო, ვინც ექვსდღიანი ტრენინგი „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ გაიარა. კურსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან პარტნიორობით მიმდინარეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ მოეფიქრებინათ და დაესაბუთებინათ იდეები სტარტაპისთვის, ჩამოეყალიბებინათ შესაბამისი გუნდი და შეექმნათ პროდუქტი. ამას გარდა, მათ სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება განივითარეს და ცოდნა ისეთ საკითხებზე მიიღეს, როგორებიცაა დაგეგმვა და პროდუქტის დისტრიბუცია, ფინანსური დოკუმენტაცია, ბიზნესმოდელირება და საინვესტიციო წინადადებები.
ამ კურსის შემდეგ მარიამ შარიფი ფოტო თუ ვიდეოპროექტების განხორციელების უნარებს უკეთ წარმოაჩენს და მას საკუთარი სტაბილური შემოსავალიც აქვს.
პროექტის ფარგლებში, მცირე გრანტებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, 23 ქალი შეარჩია. თითოეული მათგანისთვის მიცემული თანხა 450 აშშ დოლარიდან 1,880 აშშ დოლარამდე იყო.
„გრანტის დახმარებით ფოტოგრაფია შევისწავლე და პროექტებზე მუშაობა დავიწყე. ამას გარდა, ფოტოაპარატი, მეხსიერების ბარათი და პლანშეტი შევიძინე, რომელთა მეშვეობით ჩემი თვითდასაქმების სტრატეგიაც შევიმუშავე. ახლა ყველაფერი უკეთესადაა“, - ამბობს მარიამი.
ტრენინგებს დადებითად აფასებს 49 წლის ზოია მანაევაც უკრიანიდან, რომელმაც კურსის დახმარებით ისეთ დეტალებზე დაიწყო ფოკუსირება, რომლებსაც ადრე მნიშვნელობას არ ანიჭებდა. გრანტი მან თხების მცირე ფერმის შესაქმნელად მიიღო. „ამ შესაძლებლობისთვის სამუდამოდ მადლიერი ვიქნები“,- აღნიშნავს ის.
შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდებოდა. მის სამიზნე ჯგუფებს ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, თავშესაფრის მაძიებლები და მოქალაქეობის არმქონე პირები (მოხსენიებული როგორც „მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები“) წარმოადგენდნენ.
„აღნიშნულმა პროექტმა მართლაც მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა და ახლა ამ ადამიანების ხმა უფრო მეტად ისმის. გრანტებისა და ტრენინგების დახმარებით ეს ქალები გაძლიერდნენ და მათ უკვე აქვთ პლატფორმა, რომლიდანაც საკუთარი საჭიროებები და გამოწვევები შეუძლიათ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს გააცნონ“,- აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის „მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების“ გარდა, პროექტში პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი ქალებიც ჩაერთნენ. მათ შორის იყო 24 წლის მარიამ დუიშვილი დუისიდან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ტრენინგებიდან დამამახსოვრდა ის არის, რომ სტარტაპისთვის უზარმაზარი კაპიტალი ნამდვილად არაა საჭირო“, - ამბობს იგი.
მიღებული გრანტით მარიამმა პიცერიის გასახსნელად მაცივარი, ღუმელი, ბლენდერი, პატარა მაგიდები და სკამები შეიძინა. „ბიზნესი დაფინანსების მიღებიდან მეორე დღესვე დავიწყე“, - აღნიშნავს მარიამი. ტრენინგმა მონაწილეებს თვითდაჯერებაც აუმაღლა: „გაუცნობიერებული შიშები, შეკითხვები და დაუცველობის განცდა მქონდა. ტრენინგების შემდეგ ჩემი შესაძლებლობების ვირწმუნე. დავიჯერე, რომ შევძლებდი წარმატების მიღწევას, თუკი საკუთარი თავის რწმენა მექნებოდა“, - ამბობს მარიამი.