გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო ტურის მონაწილე: მომავალი ტექნოლოგიას ეკუთვნის

თარიღი:

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გენდერული უთანასწორობა კვლავაც მაღალია, რის გამოც ქალები მაღალანაზღაურებადი სამსახურისა და ინოვაციური გამოგონებების მიღმა რჩებიან. შედეგად, მათი საჭიროებები იგნორირებულია, გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა კი - რთული.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ინოვაციებისა და პარტნიორობების დირექტორს, პედრო ვიეირას შეხვდნენ
სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ინოვაციებისა და პარტნიორობების დირექტორს, პედრო ვიეირას შეხვდნენ; ფოტო: ია თავდიშვილი

ამ რეალობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ტექნოლოგიების სფეროში ქალების უნარების განვითარებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას. ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2-8 ნოემბერს ქალების ჯგუფმა პორტუგალიაში, ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ სასწავლო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალია 2018 წელს ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის ინდექსით ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.

აქტუალური ინფორმაციის გაზიარება, კონტაქტების დამყარება და ინსპირაცია - ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომლებსაც სექტორში მომუშავე გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები ისახავდა. მონაწილეები დაესწრნენ ინტერნეტსამიტს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, გამოფენებს, შეხვედრებსა და ღონისძიებებს, მოისმინეს ქალი მომხსენებლების შთამბეჭდავი გამოსვლები, საუბრები გენდერული მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და ქალთა გაძლიერების შესახებ.

მონესეს
"მონესეს" მენეჯერი პორტუგალიაში კარლა ბატისტა (მარცხნივ) სასწავლო ვიზიტის მონაწილეებთან ერთად განიხილავს ქალების პოზიციებს ტექნოლოგიებში; ფოტო: მერაბ ლაბაძე

ვიზიტის 5 მონაწილე სტარტაპის დამფუძნებელი/გენერალური დირექტორი იყო. თითოეული მათგანი მიმდინარე წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბიზნესის განვითარებისთვის 100 000 ლარით (დაახლოებით 34,000 აშშ დოლარი) დააფინანსა. „ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად კომპანიის ბრენდინგითა და კომუნიკაციის სტილით დავინტერესდი. სასარგებლო იყო Start-up Portugal-თან შეხვედრაც. მათთან ურთიერთობის გაგრძელება გვსურს და შესაძლოა, სამომავლოდ სხვა ქვეყნებში სტარტაპის გაფართოებაზეც ვიფიქროთ“, - აღნიშნა ღონისძიებების ორგანიზების კომპანიის, Eventals-ის დამფუძნებელმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მთავარმა სპეციალისტმა ქეთევან კასრაშვილმა.

სტარტაპერებთან ერთად, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს შორის ვებპროგრამირებისა და სოციალური მედია მარკეტინგის უნარების განვითარების პროგრამის 4 მონაწილეც იყო. პროგრამა წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ინოვაციური განათლების ფონდმა განახორციელეს. ერთ-ერთი მათგანი, თამარ ონიანი ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგების კავშირში“ მუშაობს და ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორია. „ძალიან სასარგებლო და საინსტერესო ვიზიტი იყო. ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, ბრენდინგსა და სოციალურ მედიაში მომუშავე უამრავი მნიშვნელოვანი ადამიანი შეიკრიბა. მომავალი ტექნოლოგიას ეკუთვნის. ეს საჭირო და საინტერესო სფეროა, განსაკუთრებით გოგოებისთვის“, - აღნიშნა მან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თამარი საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აპირებს, რათა უფრო მეტად შეუწყოს ხელი ტექნოლოგიებში ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგოების ჩართულობას.

ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.