მარიამ ლომთაძის სიტყვებით: "გენდერული მონაცემების ინოვაციებით ჩვენება ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება"

თარიღი:

მარიამ ლომთაძე
მარიამ ლომთაძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

17 წლის მარიამ ლომთაძე მერვე წელია პროგრამირებითაა გატაცებული. იგი ლუპერის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური სტარტაპების Hero-სა and FarmApp-ის მფლობელია. პარალელურად, იგი ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაზეც მუშაობს. მარიამი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც 24-26 ივლისს, თბილისში, გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონზე ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნისთვის შეიკრიბნენ. ღონისძიება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიან თარიღს მიეძღვნა. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული სტატისტიკის გლობალური ინიციატივის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ჩატარდა.

Quote

ჰაკათონებში მონაწილეობა ჩემთვის ნამდვილი ბედნიერებაა, რადგან ასეთი ღონისძიებები შესაძლებლობას მაძლევს, ახალი მეგობრები და კავშირები ვიპოვო, კონკრეტულ საკითხში ცოდნა გავიღრმავო, განსხვავებული უნარები შევიძინო და რაც მთავარია, რეალური პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ამ ყველაფერთან ერთად, გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონში მონაწილეობისას ჩემი მთავარი მოტივაცია ინტერესიც იყო. მსურდა, დეტალურად გავცნობოდი მონაცემებს, რომელთა შესახებ სწორედ ღონისძიების დახმარებით გავიგე.

როდესაც მე და ჩემი გუნდის წევრები გენდერულ მონაცემებს ვეცნობოდით, ყველაზე მეტად იმ გოგოების რიცხვმა შეგვაშფოთა, რომლებიც 14-19 წლის ასაკში ქორწინდებიან. გავიგეთ, რომ ნაადრევი ქორწინების გამო, მათ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას ბევრი წინააღმდეგობა ექმნება, ამიტომ გადავწყვიტეთ, სწორედ ამ მონაცემის უკან არსებული პრობლემები და შესაძლო მძიმე რეალობა გადმოგვეცა.

აპლიკაციის მთავარ გმირებად უოლტ დისნეის მულტფილმების ის პერსონაჟი გოგოები ავარჩიეთ, რომლებიც 14-19 წლის ასაკში დაქორწინდნენ. გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ მულტფილმების დასასრული - „და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“ - რეალურ ცხოვრებაში სრულიად სხვანაირია. გმირები ქართველი აუდიტორიისთვის კიდევ უფრო რომ დაგვეახლოებინა, თითოეული მათგანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მივუსადაგეთ და მათი სახასიათო ნიშნები მოვარგეთ.

მოთამაშე სხვადასხვა შეკითხვებს პასუხობს და ამ პასუხებით გმირის მომავალს თავად ირჩევს. შედეგებით კი ხედავს, თუ რამდენად ახლოა მისი არჩევანი რეალურ ცხოვრებასთან. აპლიკაცია ეხმარება მომხმარებელს, გაიგოს და გაიაზროს ყველა შესაძლო გზა. შემდეგ კი ოპტიმალური ვარიანტი უფრო მარტივად აირჩიოს.

ვფიქრობ, გენდერული მონაცემების ინოვაციური ხერხებით ჩვენება ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება: ასეთ დროს გენდერული უთანასწორობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მისთვის გასაგებ, მოსახერხებელ ენაზე აწვდი. შესაბამისად, იმ ადამიანების რიცხვიც იზრდება, რომლებიც პრობლემას თვალსაჩინოდ ხედავენ, რაც მის გადაჭრაზე მუშაობასაც ამარტივებს“.