ექსპერტის მოსაზრება: გენდერული თანასწორობის მიღწევა გენდერული მონაცემების გარეშე შეუძლებელია

თარიღი: ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2019 წელი

ავტორის შესახებ

პაპა სეკი
პაპა სეკი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

პაპა სეკი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი სტატისტიკოსია. მან გაეროს ქალთა ორგანიზაციაში მუშაობა 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ სტატისტიკასა და მონაცემებთან დაკავშირებულ საქმიანობას ხელმძღვანელობს.

პაპა სეკი გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული სტატისტიკის პროგრამას „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მართავს. პროგრამის მიზანი გენდერული მონაცემების წარმოებისა და გამოყენების გაუმჯობესებაა. ამავდროულად, იგი ეხმარება ქვეყნებს, რათა მათ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესს გენდერული პერსპექტივიდან სისტემატური მონიტორინგი გაუწიონ.

გენდერული სტატისტიკის გარეშე ვერც შედეგებს გავზომავთ და ვერც ჩვენი მიღწევების მონიტორინგს შევძლებთ. არადა, ეს ადამიანის უფლებების, ქალებისა და გოგოების უფლებების დასაცავად გვჭირდება. შედეგების მონიტორინგის გარდა, მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მთავრობას საჭირო ქმედებების შესახებ რჩევებს მივცემთ. მტკიცებულებაზე დაფუძნებული ქმედება საშუალებას მოგვცემს, რესურსები სწორად და ეფექტურად, საჭიროების მიხედვით გავანაწილოთ და იმ პროგრესს მივაღწიოთ, რომელსაც ქალები და გოგოები ნამდვილად იმსახურებენ.

სტატისტიკის მთავარი ღირებულება ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. ამდენად, მონაცემი, რომელსაც არავინ იყენებს უსარგებლოა. მთავარია, ნებისმიერი წარმოებული მონაცემი საჭირო იყოს და პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის გამოიყენებოდეს.

გენდერულ სტატისტიკასა და სქესის მიხედვით განაწილებულ მონაცემებს შორის დიდი განსხვავებაა. გენდერული სტატისტიკა ქალებისა და კაცების ცხოვრების რეალურ სურათებს წარმოაჩენს, სქესის მიხედვით განაწილებული მონაცემები კი მისი ნაწილია. მაგალითად, დედათა სიკვდილიანობის ინდიკატორს სქესის მიხედვით ვერ ჩავშლით, მაგრამ აშკარაა, რომ იგი ქალების ცხოვრებაზე ბევრ რამეს გვეუბნება. გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ჯანდაცვის მოომსახურებები. დედათა სიკვდილიანობა გენდერულად მგრძნობიარე ინდიკატორია, მაგრამ მისი სქესის მიხედვით განაწილება შეუძლებელია და ამ ინდიკატორის მსგავსი ბევრია. მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როდესაც პრინციპზე „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ ბევრს ვსაუბრობთ, ქალებს შორის განსხვავებებსაც დავაკვირდეთ. ეს გენდერული სტატისტიკის კიდევ ერთი სფეროა. როდესაც  უთანასწორობაზე საუბრობ, არ არის აუცილებელი, ყოველთვის სქესის მიხედვით განაწილებულ მონაცემებს გულისხმობდე. მონაცემების ჩაშლა ბევრი სხვა მახასიათებლითაა შესაძლებელი, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილი, რასობრივი კუთვნილება, ეთნიკური წარმომავლობა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, სიღარიბე და ა.შ.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დარგობრივ სამინისტროებში, იმ ადამიანებმა, რომლებიც სტატისტიკაზე არიან პასუხისმგებლები, შეიძლება, ხანდახან არც იცოდნენ, რა არის გენდერული თანასწორობა, ან როგორ უნდა მოხდეს გენდერული თანასწორობის ინდიკატორების შემუშავება. გამოწვევად რჩება ის გარემოებაც, რომ ზოგჯერ მთავრობები გენდერული სტატისტიკის კვლევების განხორციელებაში რესურსების ჩადებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. სწორედ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის შიდა რესურსებით გენდერული სტატისტიკის დაფინანსების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამა „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ დაიწყო. იგი გაეროს რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ერთად ხორციელდება და მიზნად გენდერული სტატისტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს. ეს პროგრამა მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის 6 რეგიონული ოფისის, მათ შორის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს, გააუმჯობესონ გენდერული სტატისტიკის დაგეგმვა თუ კოორდინაცია და მონაცემთა წარმოება.  ამასთან, პროგრამა  ეხმარება ქვეყნებს ადმინისტრაციული ჩანაწერების გაუმჯობესებასა და ტრენინგების ჩატარებაში, რაც მიზნად მონაცემთა გავრცელებისა და მათზე მომხმარებლის ხელმისაწვდომობის მექანიზმების უზრუნველყოფას, ასევე გენდერულ ცნობიერებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ისახავს. 

2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მდგრადი განვითარების 17 მიზნისა და შესაბამისი 169 ამოცანის მიღწევის ვალდებულება აიღეს, რომელთა მონიტორინგისთვისაც 244 ინდიკატორი შემუშავდა. გენდერული თანასწორობის მიღწევის, ასევე, ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის ჩვენ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი გვაქვს, რომელიც დაახლოებით ცხრა ამოცანას აერთიანებს და კონკრეტულად გენდერულ თანასწორობაზეა ფოკუსირებული. ამავდროულად, გენდერი იმ სხვა მიზნების განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს, რომლებიც სიღარიბეს, შიმშილს, ჯანმრთელობას, განათლებას, წყალს, ჰიგიენასა და ა.შ. ეხება. ამგვარად, გენდერის ინდიკატორებს არა მარტო მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის, არამედ ყველა სხვა მიზნის მიღწევის მონიტორინგის პროცესში არსებითი როლი აქვთ. 2018 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ანგარიში „დაპირებების ქმედებად ქცევა“ გამოაქვეყნა. მან ის 54 ინდიკატორი გამოავლინა, რომელიც განსაკუთრებით რელევანტური იყო მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის გენდერული პერსპექტივიდან მონიტორინგისთვის. ეს ინდიკატორები აუცილებელია, რათა ვიცოდეთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში.