დროის გამოყენება და გენდერული თანასწორობა DataFest 2023-ზე

თარიღი:

დატათონის ერთ-ერთი გამარჯვებულის, კესო შაფათავას დაჯილდოება, ფოტო: ფორსეტი
დატათონის ერთ-ერთი გამარჯვებულის, კესო შაფათავას დაჯილდოება, ფოტო: ფორსეტი

გენდერული მონაცემების სიმწირე და მათი საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მიმზიდველი და მარტივი ფორმებით მიწოდება გლობალური გამოწვევაა, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მონაცემების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ერთ-ერთ ამგვარ ინიციატივას წარმოადგენს DataFest Tbilisi-სთან თანამშრომლობა და ღონისძიების ფარგლებში, გენდერული თანასწორობის სხვადასხვა საკითხის ირგვლივ სპეციალური დატათონების ორგანიზება.

DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია და „ფორსეტის“ ორგანიზებით იმართება. იგი ყოველწლიურად თავს უყრის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასა და ვიზუალიზაციასთან – მარკეტერებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ა.შ. ფესტივალის სტუმრები ესწრებიან თემატურ გამოსვლებსა და სემინარებს, იმართება ჰაკათონები მნიშვნელოვან საკითხებზე და ა.შ.

წელს DataFest Tbilisi უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდა და მის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი დატათონი დროის გამოყენებასა და გენდერულ თანასწორობას დაეთმო. მონაწილეებმა დროის გამოყენების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ჩაატარა, მულტიმედიური პროდუქტები შექმნეს. მათ ნამუშევრებში ის მნიშვნელოვანი მონაცემები და მიგნებები ასახეს, რომლებიც კვლევამ დროის გამოყენებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ წარმოაჩინა. დატათონის პირველ ეტაპზე 5 საუკეთესო გუნდი შეირჩა, საბოლოოდ კი ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა.

„ქალთა აუნაზღაურებელ საშინაო შრომაზე ადრეც მქონდა გაგონილი. პირადი დაკვირვებებითაც ვხედავდი, რომ ჩემს ნათესავ ქალებს მუდმივად უწევდათ საკუთარი სურვილების უკანა პლანზე გადაწევა და მთელი ენერგიის ოჯახისთვის დახარჯვა. ასეთ პროექტში პირველად ვმონაწილეობდი და ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა დავალებისთვის თავის გართმევას. საბოლოოდ, ილუსტრაციები შევქმენი. ვფიქრობ, ვიზუალიზაციით მიწოდებული ინფორმაცია აუდიტორიას უფრო მეტად დაამახსოვრდება“, - აღნიშნა დატათონის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, 20 წლის კესო შაფათავამ, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის მესამე კურსის სტუდენტია.

“ყოველდღიურად ვხედავთ საოჯახო შრომის არათანაბარი გადანაწილების კუთხით არსებულ პრობლემას და გვინდოდა,ჩვენი წვლილი შეგვეტანა მის გადაჭრაში. ვფიქრობთ, ასეთი აქტივობები პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში უდიდეს როლს ასრულებს, რადგან სწორი ვიზუალით უფრო მეტი ადამიანის ყურადღების მიქცევას ვახერხებთ, მონაცემები კი მხოლოდ რიცხვებად არ აღიქმება“, - დასძინეს კიდევ ერთი გამარჯვებული გუნდის წევრებმა, ანანო გოგიჩაძემ და ანანო ილურიძემ, რომლებიც ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, ვიზუალური კომუნიკაციის კონცენტრაციის მესამე კურსის სტუდენტები არიან. მათ დატათონისთვის ილუსტრაციული ელემენტების გამოყენებით ინფოგრაფიკების სერია შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კონცეფციების ავტორები, „ფორსეტისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენტორობით, მათ განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებენ, საბოლოო პროექტებს კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია დროის გამოყენების კვლევაში ასახული მონაცემებისა და შესაბამისი თემატიკის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი საკომუნიკაციო არხებისთვის გამოიყენებს.

დატათონი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ინიციატივის მხარდამჭერი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამა „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“.