საქართველოში აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების კვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების კვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის მოცულობისა და ღირებულების გაზომვის გლობალურად აღიარებული ინსტრუმენტი დროის გამოყენების კვლევაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში 250-ზე მეტი დროის გამოყენების კვლევა განხორციელდა. საქართველოში კი იგი პირველად საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ჩაატარა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია 9 დეკემბერს გაიმართა და მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დროის გამოყენების კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო და ზრუნვის შრომას თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამასთან, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). საქართველოში კვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა.

დროის გამოყენების კვლევა შინამეურნეობების კვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორის მისაღებად.

„დროის გამოყენების გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება“, - განაცხადა პრეზენტაციაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

აღსანიშნავია, რომ დროის გამოყენების კვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს როგორც აუნაზღაურებელი შრომის აღიარებისა და გადანაწილების, ისე შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის.

„ვიმედოვნებთ, ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ბიძგს მისცემს დისკურსს ქვეყანაში ზრუნვის შრომის ღირებულებასა და საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები მოახდენს საჯარო პოლიტიკის ინფორმირებას, ქალებისა და გოგოების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილის შესამცირებლად და ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადასანაწილებლად როგორც ქალებსა და კაცებს, ისე საზოგადოებას, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.

საქართველოში დროის გამოყენების კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.