ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის

თარიღი:

კლიმატის ცვლილებისა თუ მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება, ასევე, საიმედო, განახლებად და თანამედროვე ენერგიაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ზრდა მსოფლიოს მიერ აღიარებულ მდგრადი განვითარების მიზნებს შორისაა და მათ მიღწევაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას საკუთარი წვლილი შეაქვს.

სოფლის მეურნეობასა და აგროტურიზმში დასაქმებული 15 მეწარმე ქალი ენერგოეფექტური შენობების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობს
სოფლის მეურნეობასა და აგროტურიზმში დასაქმებული 15 მეწარმე ქალი ენერგოეფექტური შენობების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ და "ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ" სოფლის მეურნეობასა და აგროტურიზმში დასაქმებული 15 მეწარმე ქალისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ ტრენინგი გამართეს.

ენერგოეფექტურობის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად ტრენინგზე ისეთი პრაქტიკული საკითხები იყო განხილული, როგორებიცაა: ენერგოეფექტური შენობები და სამშენებლო თბოსაიზოლაციო მასალები, განახლებადი ენერგიის სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში. მონაწილეები ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებულ მაგალითებსაც გაეცნენ. „ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და განახლებადი ენერგიის წყაროები მეწარმეებს სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიჩენს. ტრენინგზე ბევრი რამ აღმოვაჩინე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიგე იმ განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ, რომლებიც ადგილობრივადაა ხელმისაწვდომი. მათ გამოყენებას უკვე ვგეგმავ, რათა ჩემი სასათუბრე მეუბნეობა უფრო მეტად ეფექტიანი და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი იყოს“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთი თომეიშვილმა, რომელიც ვანში სასათბურე მეურნეობას მართავს.

ენერგოეფექტურობა ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობაში უდიდეს როლს ასრულებს. მით უმეტეს, როცა საქმე ბიზნესს შეეხება, განახლებადი ენერგიის წყაროების მოძებნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ როლზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის ხელმძღვანელმა, ნათია ნინიკელაშვილმა: „ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, მეტი გაეგოთ განახლებადი ენერგორესურსების მოძიების ტექნიკური უნარების შესახებ, გაცნობოდნენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მასალას ჩვენ გარშემო არსებული სხვადასხვა სახის ენერგიის ეფექტური გამოყენების თაობაზე. წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ანალოგიური შეხვედრის ჩატარებას ვგეგმავთ“,- აღნიშნა ნათია ნინიკელაშვილმა.

კლიმატის ცვლილებებსა და ენერგოეფექტურობაზე ქალ მეწარმეთა მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების გაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, მუშაობის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს.