ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის პოლიტიკის შესახებ დიალოგი იწყება

თარიღი:

საქართველოსთვის ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა და მისი აღმოფხვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ თემის გასააზრებლად და შესაბამისი პოლიტიკის განსახორციელებლად კი ზუსტი მონაცემების არსებობა და გაანალიზებაა საჭირო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პარლამენტის გენდერულმა თანასწორობის საბჭომ ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის საკითხი განიხილა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პარლამენტის გენდერულმა თანასწორობის საბჭომ ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის საკითხი განიხილა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის ანალიზი, რომლის პრეზენტაციაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 22 მაისს გამართა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამუშაო ძალის კვლევას ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ მონაცემები გენდერის ჭრილში როგორც თვიური, ისე საათობრივი ანაზღაურებების მიხედვით პირველად გადაითვალა და დასაქმებულთა ისეთი მახასიათებლები მოიცვა, როგორებიცაა ასაკი, განათლება, კვალიფიკაცია, დასაქმების სექტორი და ა.შ.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ 2017 წლის მონაცემებით, თვიურ ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა 35,2%-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები ყოველთვიურად კაცების მიერ გამომუშავებულ 1 ლართან მიმართებაში 65 თეთრს გამოიმუშავებდნენ. მნიშვნელოვანია გენდერული სახელფასო სხვაობის გამოთვლა საათების მიხედვითაც, რადგან ქალებს, სახლში შესრულებული აუნაზღაურებელი შრომის გამო, ანაზღაურებადი სამუშაოსთვის ნაკლები დრო აქვთ. გენდერული სახელფასო განსხვავება ნამუშევარი საათების მიხედვით, თუ გავითვალისწინებთ დასაქმებულების პირად მსახასიათებლებს (ასაკს, განათლებას) და სხვა ფაქტორებს (თანამდებობას, დასაქმების სექტორს და ა.შ.), 2017 წელს 24,8%-ს უტოლდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ უმუშევარ ქალებს უკეთესი მახასიათებლები აქვთ - მათ 38%-ს უმაღლესი განათლება აქვს, კაცებში იგივე მაჩვენებელი 16%-ია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ეს მონაცემები 22 მაისს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ განიხილა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის პოლიტიკაზეც იმსჯელეს.

„უკვე შევიმუშავეთ პარლამენტის ხანგრძლივვადიანი სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში, პარლამენტი იმუშავებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში და, რა თქმა უნდა, მდგრადი განვითარების მიზნები გენდერულ თანასწორობას და მათ შორის ანაზღაურების სხვაობის აღმოფხვრას ეხება“, - განაცხადა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ირინე ფრუიძემ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეკომენდაციებზეც, რომელთა მიხედვითაც სასურველია, სახელმწიფომ ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე იმუშაოს და ზრუნვის სერვისებში ინვესტირება განახორციელოს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა გეგმავს, საერთაშორისო კოალიციას თანასწორი ანაზღაურებისთვის (EPIC) შეუერთდეს. ეს კი ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის პოლიტიკაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებენ.