ჩემი გადმოსახედიდან: „ქალებს ვიკიპედიის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ“

თარიღი:

ცანგალა ცაგარეიშვილი-აბე
ცენტრში ცანგალა ცაგარეიშვილი-აბე, რომელიც დამწყებ რედაქტორებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გერმანიაში ვცხოვრობ, ქმარიც აქაური მყავს. 13 წლის წინ ქართული ვიკიპედია სწორედ მისი დახმარებით აღმოვაჩინე. იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, დრო მქონდა, თან საქართველო ძალიან მენატრებოდა. ვფიქრობდი, რომ ჩემს ნოსტალგიას ქართული ვიკიპედიისთვის მუშაობა შემიმსუბუქებდა.

გერმანიაში ქართული საბჭოთა ენციკლოპედია მქონდა წამოღებული. გადავწყვიტე, ვიკიპედიაში სწორედ წიგნში არსებული ცნობები გადამეტანა. მახსოვს, პირველად სტატია 2005 წლის 16 თებერვალს, კომპოზიტორ ვალერიან ცაგარეიშვილზე შევქმენი. ასე გავხდი ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ვიკიპედიელი.

მერე ქართული ვიკიპედიის სხვა რედაქტორებიც გავიცანი. თავიდან ტექნიკურად მიჭირდა: კომპიუტერის ათვისებაში ქმარი მეხმარებოდა, ვიკიპედიის სპეციფიკის შესწავლაში კი - ერთ-ერთი ქართველი რედაქტორი. მეც ნელ-ნელა გავიწაფე.

ონლაინ ენციკლოპედიას ყოველთვის დიდ დროს ვუთმობ. როდესაც ვიკიპედიაში მუშაობ, თავადაც უამრავ ინფორმაციას იღებ, ეს კი თვითგანვითარებაშიც ძალიან გეხმარება.

როცა საქართველოში ჩავდივარ, ვიკიპედიის რედაქტორები ერთად ვიკრიბებით ხოლმე. ამ შეხვედრებზე ქალი მხოლოდ მე ვარ. სამწუხაროდ, დღეს ქართულ ვიკიპედიაში ქალი რედაქტორების ნაკლებობაა: მოხალისე გოგოები შემოდიან, რაღაც პერიოდი ძალიან აქტიურები არიან, თუმცა მერე ისევ პასიურები ხდებიან, ზოგი კი საერთოდ ივიწყებს ვიკიპედიას. არადა, მათ თავიანთი უნარებით ონლაინ ენციკლოპედიისთვის ბევრის გაკეთება შეუძლიათ. თუნდაც ერთი ასო, ერთი სიტყვა რომ ჩაასწორონ, ეს უკვე ვიკიპედიის განვითარებაში შეტანილი წვლილი იქნება. თან ამ პროცესში შეიძლება უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოუნდეთ კიდეც. ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი ქალი ჩაერთოს ვიკიპედიის კონტენტის შექმნაში, მე ყოველთვის მხარს დავუჭერ მათ ამ ინიციატივას.

პროფესიით პედაგოგი და ქართული ვიკიპედიის ყველაზე აქტიური ქალი რედაქტორი, 59 წლის ცანგალა ცაგარეიშვილი-აბე გერმანიაში ცხოვრობს. 2005 წლიდან იგი ონლაინ ენციკლოპედიის კონტენტის განვითარებაში უწყვეტადაა ჩართული. ცანგალა წელს #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონსაც შეუერთდა, რომელიც საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის თბილისში 8 მარტს გაიმართა. როგორ ვწეროთ ვიკიპედიისთვის და როგორ გავხდეთ მისი რედაქტორები - ამ თემებზე მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ცანგალას საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევაში, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ყველა ქალისა და გოგოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს.