ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში შვიდიდან ერთი ქალი ოჯახში ძალადობას განიცდის

თარიღი:

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ერთობლივად გამოსცეს, შვიდიდან ერთ ქალს ცხოვრების განმავლობაში ოჯახში ძალადობა განუცდია.

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

ახალი კვლევის შედეგები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირმა და საქსტატმა, მთავრობის, განვითარების სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებას კვლევის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე, 2018 წლის 6 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააცნეს. კვლევის შედეგები საქართველოში ოჯახში ძალადობისა და არაპარტნიორის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გავრცელების, ასევე ქალებისა და კაცების მიერ გენდერისა და ძალადობის აღქმისა და გაცნობიერების შესახებ მონაცემებს იძლევა. ამას გარდა, პირველად საქართველოში კვლევამ მონაცემები ქვეყანაში სექსუალური შევიწროებისა და დევნის გავრცელების შესახებაც მოგვცა. კვლევა 2009 წლის შემდეგ (2009 წლის კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა) საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს.

კვლევა 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა და რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდოლოგიებს მოიცავდა. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. კვლევის მიხედვით, თუ ძალადობის ყველა ფორმას გავაერთიანებთ, ოთხიდან ერთ ქალს საქართველოში ცხოვრების განმავლობაში გენდერული ნიშნით ძალადობა განუცდია. მათ შორის დაახლოებით 15,000 ქალს ინტიმური პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობა ორსულობის პერიოდში გამოუცდია, ხოლო ქალების 9%-მა აღიარა, რომ ბავშვობაში, სანამ 18 წელს შეუსრულდებოდათ, მათ მიმართ სექსუალურ ძალადობას ჰქონია ადგილი.

კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ ქალებსა და კაცებს ურთიერთობებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მაღალი მიმღებლობა აქვთ. ამასთან, ისინი სქესისა და სექსუალური ძალადობის შესახებ გაუმართლებელ შეხედულებებს ავლენენ. გამოკითხულთა შორის ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (23%) და კაცების თითქმის ნახევარს (42%) სჯერა, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, როცა ის მას არ ეთანხმება.

The key findings of the study were released by UN Women, the EU and GEOSTAT together with partners from the Government, the development sector and civil society at a presentation of the study’s summary report
მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე; ფოტო: გაეროს ქალა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

კვლევა ზოგიერთ პოზიტიურ ტენდენციასაც გვაჩვენებს: მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევები პოლიციას შეატყობინეს. მათმა პროცენტულმა რაოდენობამ 2017 წელს 18% შეადგინა. 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.5% იყო. ამას გარდა, იმ ქალების პროცენტული ოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა პირადი საკითხია და სხვები არ უნდა ჩაერიონ, 2009 წელს დაფიქსირებული 78%-დან 2017 წელს 33%-მდე შემცირდა.

„კვლევის შედეგები საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ ეროვნულ წარმომადგენლობით მონაცემებში არსებულ ნაკლოვანებას ავსებს და მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებისთვის საბაზისო მონაცემებს გვთავაზობს. მონაცემთა ანალიზი უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესისთვის, ასევე ცნობიერების ამაღლების ინტერვენციებისთვის, რომლებიც მიზნად საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციასა და მასზე ქმედით რეაგირებას დაისახავს“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

საქსტატის დირექტორის მოადგილემ გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქსტატისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება, რათა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის კვლევების მსოფლიოში მიღებული მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელების შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს. „ეს საქსტატს შესაძლებლობას მისცემს, ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელების შესახებ კვლევები მომავალშიც ჩაატაროს, როგორც ამას სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს“.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ეროვნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქსტატთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში ჩაატარა.