ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველომ #WikiGap თბილისს უმასპინძლა

თარიღი:

ქალთა საერთაშორისო დღეს, ვიკიპედიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საქართველო გლობალურ ინიციატივა #WikiGap-ს პირველად შეუერთდა.

Georgian Wikipedia representatives sharing experiences on how to write for Wikipedia and how to become editors of the online encyclopedia
მომავალ ქალ რედაქტორებს ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით, ვიკიპედიის რედაქტორების 90% კაცია, ელექტრონულ ენციკლოპედიაში ქალების შესახებ მასალების რაოდენობა კი კაცების შესახებ მომზადებული სტატიების რიცხვზე 4-ჯერ ნაკლებია. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ ვიკიმედიას ერთობლივი ინიციატივა #WikiGap მიზნად სწორედ ამ უთანასწორობის შემცირებას ისახავს. ინიციატივა აქცენტს ორ მიმართულებაზე აკეთებს: ვიკიპედიაში მეტი ქალი რედაქტორის ჩართულობასა და ქალთა შესახებ შექმნილი მასალების რაოდენობის გაზრდაზე.

საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის #WikiGap-სადმი მიძღვნილი ედიტათონი თბილისშიც გაიმართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოსა და სომხეთში ერიკ სალმგრენ ფონ შანთცმა გახსნეს.

ედიტათონში მონაწილეობას ქართველი ქალი მკვლევრები, ბლოგერები და ჟურნალისტები იღებდნენ. როგორ ვწეროთ ვიკიპედიისთვის და როგორ გავხდეთ ონლაინ ენციკლოპედიის რედაქტორები - ამ თემებზე საკუთარი გამოცდილება მონაწილეებს ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.

To promote #WikiGap, the Swedish Embassies have been organizing worldwide edit-a-thons on 8 March, International Women’s Day
შვედეთის საელჩოების ორგანიზებით, ედიტათონები მთელ მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„ქართული ვიკიპედია ზუსტად ეხმიანება გლობალურ სტატისტიკას: მოხალისეთა დაახლოებით 90% ჩვენთანაც კაცია. როგორც წესი, ახალი მოხალისეებიც ძირითადად ბიჭები გვემატებიან. ამიტომ, ქალთა წასახალისებლად მუშაობა უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, ედიტათონის მონაწილეები აქტიურად გააგრძელებენ ვიკიპედიაში მუშაობას და ღვაწლმოსილი ვიკიპედიელებიც გახდებიან“, - განაცხადა ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატომა მიხეილ ჭაბუკაშვილმა.

ედიტათონის ბოლოს გადამზადებულმა 9 რედაქტორმა ქართულ ვიკიპედიაში ცნობილი თუ აქამდე უცნობი ქალების შესახებ მასალები განათავსა. „საქართველოში არსებობდნენ ქალები, რომლებიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდნენ. მაგალითად, ბაბილინა ხოსიტაშვილი - ქართველი ფემინისტი მწერალი, მთარგმნელი, პოეტი და ქალთა და მუშათა უფლებებისთვის მებრძოლი, თუმცა მისი სახელი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ მის შესახებ მასალა ფართო საზოგადოებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. მიხარია, რომ დღევანდელ ედიტათონზე ვიკიპედიაში სტატია სწორედ ბაბილინაზე შევქმენი“, - აღნიშნა ედიტათონის ერთ-ერთმა მონაწილემ ლანა მუშკუდიანმა.

#WikiGap-ის აღსანიშნავად, შვედეთის საელჩოების ორგანიზებით, ედიტათონები მთელ მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს იმართება. წელს ედიტათონს 50-ზე მეტმა ქვეყანამ უმასპინძლა.