საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

თარიღი:

მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაზე ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი წარადგინა. ამასთან, უწყებამ დეტალურად განიხილა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები.

Analysis of VAW and femicides
ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის ანალიზი - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთობლივი კონფერენცია; ფოტო: საქართველოს მთავარი პროკურატურა

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათ მკაფიო ვალდებულება აქვთ აღებული და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის ძალისხმევას არ დაზოგავენ.

„ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს პროკურატურის მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება. პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიაში ცალკე თავი ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა, სადაც ხაზგასმულია სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენების, ოჯახური დანაშაულისა და მისი განმეორებით ჩადენის პრევენციის მნიშვნელობა“,- აღნიშნა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

ოჯახური დანაშაულის ანალიზით ვლინდება, რომ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, მსხვერპლების მიერ ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაიზარდა. გამკაცრდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ პოლიტიკა: აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 2017 წელს მნიშვნელოვნად, 79%-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 14% იყო. მინიმუმამდე დავიდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების (განრიდება) გამოყენებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევები. გაუმჯობესდა ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელიც. ბრალდებულის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის მასალების განხილვასთან ერთად, პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას ძალადობის წინაისტორიის შესწავლას უთმობს, რისი მიზანიც ძალადობის სისტემური ხასიათის გამოვლენაა.

მთავარმა პროკურატურამ პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გამოძიების ეფექტიანობისა და დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით, სპეციალიზებული პროკურორების ჯგუფი გადამზადდა. ოჯახური დანაშაულის საკითხებში გადამზადდნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებიც, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას ოჯახური დანაშაულის მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების მხარდაჭერასა და მათთვის შესაფერისი სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. პროკურატურის განცხადებით, ქალებისა და გოგოების მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხებში სპეციალიზებული პროკურორების პოზიციის ფორმალიზება მოხდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და მთავარ პროკურატურას შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან, „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და განმახორციელებლები არიან გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია), მოქმედებს.