გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მოძალადეთა ქცევის კორექციის ქართული პროგრამების გაძლიერებისთვის შეხვედრა გამართა
თარიღი:
როგორია მოძალადეთა ქცევის კორექციის ქართული პროგრამის შეფასება, რამდენად შეესაბამება იგი საერთაშორისო სტანდარტებს და როგორ მიმდინარეობს ანალოგიური პროგრამები ევროკავშირის ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიისას - ამ თემების განსახილველად გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ონლაინშეხვედრა გამართა. მას ადგილობრივი პარტნიორები და რეგიონულ პროექტში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის გენდერული თანასწორობის რეგიონული პროექტის „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პროგრამის მედიატორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული აქცენტი მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ოჯახში მოძალადეებზე მიმართული პრევენციის პროგრამებზე კეთდება.
„იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეს პროგრამა სტამბოლის კონვენციის შესაბამისად კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მისი გამოყენებით ხელს შევუწყობთ ძალადობის პრევენციას, თუ მოძალადეებს ძალადობის ჩადენის შესაძლებლობას არ მივცემთ,- აღნიშნა ევროკავშირის ერთობლივი პროექტის პროგრამის მენეჯერმა, ოლგა ოსაულენკომ.
მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული, ყოვლისმომცველი მიდგომის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი ერთიან ეროვნულ პოლიტიკასა თუ სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, საქართველოში კორექციის პროგრამების განხორციელება დროებით შეჩერებულია. ამ რეალობის გათვალისწინებით, „ოჯახში მოძალადეებთან მუშაობის ევროპული ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალესანდრა პაუნცმა მონაწილეებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული შესაბამისი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა. ამასთან, მან ახლად გამოვლენილი გამოწვევები განიხილა და პანდემიის პირობებში პროგრამის განხორციელების ალტერნატიული გზები წარმოადგინა. “პანდემიისას პროგრამების მოდალობის ცვლილების პროცესში (პროგრამების ონლაინრეჟიმში განხორციელება) არა მხოლოდ გამოწვევები, არამედ დადებითი განვითარებაც გამოიკვეთა. ზოგიერთმა კაცმა თანამშრომლობის სურვილი უფრო მეტად გამოხატა, მოვიცვით ის მოძალადეები, რომლებთან კავშირზეც მანამდე ხელი არ მიგვიწვდებოდა, გაუმჯობესდა მულტისექტორული თანამშრომლობა და ორგანიზაციის შიდა მუშაობა. ჩვენ კაცების ჩართულობის ახალი გზები მოვნახეთ“,- აღნიშნა ალესანდრა პაუნცმა.
ცოდნის ამგვარი გაზიარება საქართველოში პროექტის პარტნიორებს ქალთა მიმართ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების ამოქმედების სხვა მეთოდების განხილვის შესაძლებლობას შეუქმნის. ალესანდრა პაუნცმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სახელმწიფო პარტნიორებს სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც მათ სრული მზადყოფნა გამოთქვეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივმა კონსულტანტმა მოძალადეთა ქცევის კორექციის ქართული პროგრამები საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გააანალიზა. ამ ანგარიშის პრობაციისა და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებთან განხილვა, რომლებიც მოძალადეთა პროგრამების განმახორციელებლები არიან, ხელს შეუწყობს არსებული პროგრამების განმტკიცების, ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადობის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.